imedi /  19 აპრილი 2017, 15:24 / სანდო წყარო

გომელაური: განსაკუთრებით ვაკონტროლებთ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვას

ვახტანგ გომელაური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

ვახტანგ გომელაურმა აქცენტი გაამახვილა საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ფაქტების გამოვლენასა და კონტროლზე. მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერებების ბრუნვას. 

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 2016 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“, დაკავებულია 6 პირი. 2016 წლის 25 აპრილს, ქ. ქობულეთში ამოღებულია ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიოაქტიური ნივთიერება რომელიც შეიცავდა "ურან 235"-ს და "ურან 238"-ს, დაკავებულია 6 პირი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებაც გააკეთა მოხსენება და განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით, სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

კომენტარები ()