imedi /  20 აპრილი 2017, 15:13 / სანდო წყარო

ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის პროცესზე შელაპარაკება მოხდა

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენება ხმაურით დაიწყო. მოკლული დედა-შვილის, ნონა რომანაძისა და მარიამ მამფორიას ახლობლები მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილის ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირების მიზეზი გახდა ადვოკატ თამაზ კვახაძის განცხადება, რომ ხაბელაშვილი სრულიად უდანაშაულოა და მკვლელი დაკავებული არ არის. ადვოკატმა ისაუბრა გარდაცვლილი ნონა რომანაძის ერთ-ერთი ნაცნობი მამაკაცის შესახებ და აღნიშნა, რომ რძალთან და ბავშვებთან ერთად რომანაძე ამ მამაკაცს ერთხელ მუშტაიდის ბაღში შეხვდა. „გიორგი ხაბელაშვილი არის უდანაშაულო და ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რათა რეალური დამნაშავე გამოვლინდეს. გთხოვთ, ობიექტურად შეაფასოთ გარემოებები, თორემ რა მოხდა სინამდვილეში, ვერავინ ვეღარასდროს გაიგებს",- განაცხადა ადვოკატმა. 

შესვენებამდე ბრალდების მხარემ დასკვითი სიტყვა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ბრალდებული ქურდობის მიზნით, ფონიჭალაში დედა-შვილს თავს დაესხა, ჯერ დანით მოკლა და შემდეგ კვალის წაშლის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა.

დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. ის დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიების ვერსიით, ქურდობის მოტივით, ხაბელაშვილი მამფორიების ოჯახში მივიდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მან ნონა რომანაძეს 27-ჯერ დაარტყა დანა, ხოლო მის მცირეწლოვან შვილს 14 ჭრილობა მიაყენა, სამხილების განადგურების მოტივით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში 2016 წლის 22 თებერვალს მოხდა. 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

კომენტარები ()