Imedi /  20 აპრილი 2017, 17:15 / სანდო წყარო

სააპელაციო სასამართლომ ხიზანიშვილი-ქარდავა-ლელუაშვილის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემის და სისტემის უკანონოდ გამოყენებაში -კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი.

ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული პროგრამა კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს. განხორციელდა სხვადასხვა პირების კომპიუტერებში უკანონო შეღწევა და პირადი ინფორმაციების მოპოვება.

2012 წლის 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილმა და ლევან ქარდავამ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე, ბესო სურმავაზე განახორციელეს ზეწოლა და დაიყოლიეს, ეთქვა, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ფარულად იწერდა ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ჩანაწერების მოპოვებას არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ჩანაწერები ბესო სურმავას სახელით youtube-ზე გაავრცელეს.

"მეცხრე არხის" საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკით განზრახ დააზიანეს "ფინსერვისის", "ბურჯის" და "ქართუ ჯგუფის" აპარატურა. კომპანიებს ჯამში 813 114,49 ლარის ოდენოპბის ზიანი მიადგათ.

შოთა ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა - 150 000 ევრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით, შოთა ხიზანიშვილს და ლევან ქარდავას სასჯელის ზომად განესაზღვრათ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ვასილ ლელუაშვილს - სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები ()