imedi /  18 ივნისი 2017, 21:24 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ, 15:00 საათზე განახლდება. მოსამათრლე ირაკლი შავაძე ამჯერად 8 პირის საქმეს განიხილავს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, პროკურატურა მათ საპროცესო გარიგებას სთავაზობს- 2-წლიანი პატიმრობა და სამ წლიანი პირობითი. ადვოკატები დაკავებულების აქციაზე ყოფნას არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ოთხი პირის ინტერესებს ვიცავ. სიახლე ის არის, რომ მინდია ბერიძის მიმართ დასრულდა ექსპერტიზა და სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე მისი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ვითხოვ, რომელსაც ხვალ განიხილავს მოსამართლე ირაკლი შავაძე. სასამართლოს მიღმაც არის სიახლეები პროკურატურამ ადვოკატებს შემოგვთავაზა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჯანმრთელ ბრალდებულებზე, ხოლო მინდია ბერიძესა და ზაზა გოგიტიძეზე შემოთავაზებული იქნა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ეს საკითხი განხილვის სტადიაშია. რაც შეეხება ბრალდებულ ლაშა დეკანაძეს, ის არა მარტო ჩემი, არამედ პროკურატურის მტკიცებულებებითაც მართლდება და მის მიმართ არ განიხილება საპროცესო შეთანხმების საკიტთი. ხვალ მოწმეების დაკთხვას სასამართლო ვერ მოასწრებს," - განაცხადა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

16 ივნისს ცნობლი გახდა, რომ პროკურატურა ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმებებს სთავაზობს.

11-12 მარტის მოვლენებზე სულ 20 ადამიანია დაპატიმრებული. აქედან ორს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩვირკიას, გამოძიება აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები ()