imedi /  19 ივნისი 2017, 16:06 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულებმა სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საპროტესტო აქცია

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ბრალდებულების გარეშე მიმდინარეობს. 8-ვე დაკავებულმა პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. სხდომის დატოვების შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მანქანებს სასამართლო შენობის ეზოდან გასვლის საშუალება დაპატიმრებულების ოჯახის წევრებმა არ მისცეს. 

დაკავებულების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სხდომათა დარბაზი მათი ახლობლების ნაწილმა დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით პროკურატურის შეთავაზება. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და მათი ოჯახის წევრების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

საქმის პროკურორების განცხადებით, პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება.

ამ წუთებში სასამართლოს სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს.

16 ივნისს ცნობლი გახდა, რომ პროკურატურა ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმებებს სთავაზობს.

11-12 მარტის მოვლენებზე სულ 20 ადამიანია დაპატიმრებული. აქედან ორს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩვირკიას, გამოძიება აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები ()