imedi /  19 ივნისი 2017, 18:03 / სანდო წყარო

ელისო კილაძესა და მისი შვილის საქმის პროკურორს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ელისო კილაძე
დავით ხარშილაძე

ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესზე ის პოლიციელები დაკითხეს, რომლებმაც ხარშილაძე დააკავეს. პოლიციელების განცხადებით, ხარშილაძე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. 

მოწმეების ჩვენების თანახმად, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კუკური წივწივაძემ მიიღო ინფორმაცია, რომ დავით ხარშილაძე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა. პოლიციელების ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას, როდესაც ხარშილაძემ სამართალდამცველები დაინახა, მან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. 

პოლიციელების ინფორმაცით, ჩხრეკის შედეგად ხარშილაძის მარჯვენა ჯიბიდან ორი პოლიეთილენის პარკი ამოიღეს, რომელთაგან ერთ-ერთს B-8 ეწერა, მეორეში კი ფხვნილი ეყარა. მოწმეების ინფორმაციით, პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ხარშილაძე ოფიციალურად დააკავეს. ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა ვალერიან ჩიბირაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ ხარშილაძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს. 

პროცესის დასრულების შემდეგ ელისო კილაძესა და საქმის პროკურორ დავით მესტვირიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დავით ხარშილაძის დედამ პროკურორისგან მოითხოვა სატელეფონო ამონაწერის წარდგენა, რომლითაც დაამტკიცებდა პროკურორი, რომ მისი შვილის დაკავების დღეს ის ტელეფონით პოლიციელებს მითითებებს აძლევდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ თუ ამას სასამართლო დაავალდებულებს, აუცილებლად წარადგენს სატელეფონო ამონაწერს.

"პროკურატურა შევიდა ჩიხში. ჩემი განცხადების შემდეგ პროკურორ დავით მესტვირიშვილს მოუწია იმის დადასტურება, რომ 13 მარტს, როცა ჩემი შვილი დააკავეს, ნამდვილად იმყოფებოდა მთელი დღის განმავლობაში სასამართლო დარბაზში. მან არეული ჩვენება მისცა სასამართლოს. ხან ამბობს, რომ ელექტრონული ფორმით დაამატა გამომძიებელი ამ საქმეზე, ხან ამბობს, რომ პირადი კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებლებთან, რაც ხდებოდა ტელეფონით. წარმოუდგენელია პროკურორი იყოს საქმის სასამართლო განხილვაზე და ამავე დროს ტელეფონით აძლევდეს დავალებებს გამომძიებელს. ეს კანონის არცერთ ნორმაში არ წერია. ნათლად გამოჩნდა, რომ მთავარი პროკურატურა დაკავებულია შსს-ს სადამსჯელო ოპერაციის „გაპრავებით", - განაცხადა ელისო კილაძემ. 

გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს. 28 წლის დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.

თბილისის პროკურატურამ დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მარტის ბოლოს დაიწყო

კომენტარები ()