imedi /  19 ივნისი 2017, 18:42 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი 23 ივნისს განახლდება

აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის მოვლენებისთვის დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს, 14:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ამასთან, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად სცნო. 

ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ბრალდებულების გარეშე წარიმართა. 8 დაკავებულმა პირმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დაკავებულების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, სხდომათა დარბაზი მათი ახლობლების ნაწილმა დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით პროკურატურის შეთავაზება. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და მათი ოჯახის წევრების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

16 ივნისს ცნობლი გახდა, რომ პროკურატურა ბათუმის მოვლენებზე დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმებებს სთავაზობს.

11-12 მარტის მოვლენებზე სულ 20 ადამიანია დაპატიმრებული. აქედან ორს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩვირკიას, გამოძიება აქციის ორგანიზებას ედავება.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები ()