imedi /  18 ივლისი 2017, 02:49 / სანდო წყარო

ვარდების მოედანზე მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ

ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარ ”კანუდოსთან” პოლიციელები მოქალაქეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩხრეკენ. ადგილზე 100-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩხრეკას აკვირდებიან და ამბობენ, რომ პოლიციელები გიორგი გიორგიძისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებას ცდილობდნენ.

შეკრებილებს შორის არიან ბარის თანამშრომლები, ”თეთრი ხმაურის მოძრაობის”აქტივისტები და გიორგი გიორგიძის მეგობრები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ გიორგიძე ბართან მოპედის დაყენებას ცდილობდა, როდესაც რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მოპედიდან ჩამოაგდო. ​შეკრებილების ნაწილი ამბობს, რომ პოლიციელებმა ფიზიკურადაც იძალადეს და გიორგიძის მოპედი დააზიანეს.

ჩხრეკის მიმდინარეობისას დაკავებულთან ერთად ამ წუთებში ადვოკატი გიორგი მახარაძეც იმყოფება, რომელიც ოქმის შედგენასა და ჩხრეკას ესწრება. მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

სამართალდამცეველბი დაკავებულს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

მანამდე, ქსელში მოქალაქემ გიორგიძის დაკავების კადრები გაავრცელა.
 

 

 

კომენტარები ()