imedi /  10 აგვისტო 2017, 11:47 / სანდო წყარო

თემურ ჯანაშია: დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია ღადაობაა

თემურ ჯანაშია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ მასაჟისტ დოროტი შტაინის იგივე დოქტორ დოტის შესახებ განცხადება გააკეთა.

თემურ ჯანაშია ამ საკითხზე მოწმის დაკითხვას "ღადაობას" უწოდებს.

"დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ "ღადაობაა". დოქტორ დოტიზე მასალები საერთოდ არ არის. მისი ხარჯი საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ გაუწევია. ეს ინფორმაცია შავი პიარისთვისაა. დოქტორ დოტი იყო ჩამოსული თბილისში და ეს მოგზაურობა ადმინისტრაციამ დააფინანსა. ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება "გააცინე და მოიგეში" 2 ათასი ლარი მოიგო. იქ წერია, რომ დოქტორი დოტის ჩამოსვლა რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამიტომ დაადო პრეზიდენტმა გრიფი მსგავს ხარჯებს და ამით გაიფლანგა თანხები",- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მის დაცვის წევრს დაკითხავენ, რომელიც საქართველოში მასაჟისტ დოროტი შტაინს, იგივე დოქტორ დოტის დახვდა. პროკურორი ნათია სონღულაშვილი აცხადებს, რომ მოწმე დოტის საქართველოში მოგზაურობისას სააკაშვილის მიერ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას დაადასტურებს. 

2009 წლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ახალგაზრდა მასაჟისტი ქალი ჩამოიყვანა. პრეზიდენტთან ვიზიტის შესახებ დოქტორ დოტიმ ინფორმაცია მოგვიანებით საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. საქართველოში ამ ფაქტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალგაზრდა ქალი საკუთარი საჭიროებებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე დაიქირავა და ის ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩამოიყვანა. მაშინ საქართველოს სახელმწიფო კანცელარია დოქტორ დოტის შესახებ გავრცელებულ ყველა ჭორს უარყოფდა და აცხადებდა, რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ამ სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა. მასაჟისტის საქმე პრესაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთ "ღირშესანიშნაობად" მოინათლა.

კომენტარები ()