imedi /  10 აგვისტო 2017, 16:22 / სანდო წყარო

მდინარი ბებიაშვილი დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო წესით დაკრძალეს. ცერემონიას თავდაცვის უწყების და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცხედარი ოჯახში 7 აგვისტოს გადაასვენეს. სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.

აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებით და სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა.

სამგლოვიარო ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

დაღუპულ სამხედროს გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთშიც მიაგეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ სამგლოვიარო ცერემონია ბაგრამის აეროპორტში გაიმართა.

მდინარი ბებიაშვილი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

მდინარი ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. ISAF-ის მისიაში ორჯერ, 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". მესამედ კი, ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2013.

კომენტარები ()