imedi /  12 აგვისტო 2017, 16:52 / სანდო წყარო

ქობულეთში პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით 4 დამსვენებელი დააკავა

ბათუმის საქალაქო სასამართლო წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ოთხი ახალგაზრდა პირის საქმეს განიხილავს. დაკავებული პირებიდან სამი თბილისის მცხოვრებია, ერთი კი გორის. ისინი ქობულეთში ისვენებდნენ. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. 

აღნიშნული პირები პოლიციამ 12 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 4 საათზე ქობულეთში კლუბ „ატლანტას“ და კლუბ „სტრეპტოციტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულები ამბობენ, რომ გუშინ ეროვნული გამოცდების შედეგები გაიგეს და გამოცდის ჩაბარებას აღნიშნავდნენ.

„მეგობართან ერთად ვიყავი, ცოტა დავლიეთ, რადგან აბიტურიენტები ვართ და გამოცდების ჩაბარებას აღვნიშნავდით. კლუბში სიცხე იყო და მაისური გავიხადე, დაცვის პოლიციამ მითხრა, რომ შიშველი ყოფნა არ შეიძლება და ჩაიცვიო. ჩემს მეგობარსაც ჰქონდა გახდილი მაისური. ჩემმა მეგობარმა ნ.ჯ-მ მაისური უკუღმა ჩაიცვა და ამის გამო ისევ გაიხადა. ამ დროს მოვიდა დაცვა და უხეშად მოგვცა შენიშვნა“, – განაცხადა 1989 წელს დაბადებული ნ.ღ-მ სასამართლო სხდომაზე.

დაკავებულები აღიარებენ, რომ კლუბის კარებთან ისინი დაცვას ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ადასტურებენ.

მოსამართლის განცხადებით, დაკავებულ პირებს ალკოჰოლზე ტესტირების დროს, სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობა დაუდგინდათ. მოსამართლემ ბრალდების მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა და ოქმის შემდგენელი პირების სასამართლოზე გამოცხადება მოითხოვა. სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო.

კომენტარები ()