imedi /  17 თებერვალი 2017, 17:32 / სანდო წყარო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი თბილისს ეწვევა

რაიმონდს ბერგმანისი

ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი წელს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს, ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიის სხდომის მეორე დღეს შეხვდნენ.

"საქართველოს და ლატვიას შორის ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სასწავლო პროგრამებში, ასევე საქართველო-ნატოს შეფასებისა და წვრთნების ცენტრის მიმართულებით. საქართველოში ძალიან კარგი ექსპერტი გამოვგზავნეთ, ვფიქრობ წელს ჩამოვალ საქართველოში, სადაც ჩემს ქართველ კოლეგას შევხვდები", - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტერგაციას.

ქართველი და ლატვიელი სამხედროები ავღანეთის მისიის ფარგლებშიც ერთად მსახურობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრამდე ლევან იზორია შეხვდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ მაიკლ ფელონს. მხარეებმა განიხილეს "ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგი უორდროპი", რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. დიალოგის მიზანია ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ფართო სპექტრის - პოლიტიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეონომიკის, კულტურის და განათლების საკითხების განხილვა.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის დროს ლევან იზორია შეხვდა ასევე ლიტვის, რუმინეთის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც გაემგზავრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, რომელიც 17-19 თებერვალს ტარდება.

კომენტარები ()