imedi /  14 მარტი 2017, 12:28 / სანდო წყარო

სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია

იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ საქართველო ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მისიებში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოზე ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ლაპარაკობს - "ეს არის ნატო-ს ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკას. 2016 წელს მონტენეგროს მოწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ნატო აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ალიანსს მათთან აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამები, რათა დაეხმაროს რეფორმების განხორციელებასა და წევრობისთვის მომზადებაში".

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტს. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ძლიერდება თავდაცვითი შესაძლებლობები. ალიანსი საქართველოს ექსპერტულ დახმარებას სთავაზობს - სტრატეგიული დაგეგმარების, სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოგისტიკის, ავიაციის, საზღვაო, საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით. ქვეყანა მონაწილეობს წვრთნებში. საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო-ს საქართველოსთან რეგულარული კონსულტაციები აქვს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. ალიანსი აგრძელებს მუშაობას თავსებადობის გაუმჯობესებაზე. საქართველო თავსებადობის პლატფორმის წევრია. ავსტრალიას, ფინეთს, იორდანიას, საქართველოს და შვედეთს აქვთ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები, მონაწილეობენ წვრთნებში, მართავენ კონსულტაციებს ალიანსის წევრებთან უსაფრთხოების საკითხებზე.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნულია, რომ ქვეყანა 870 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით უმსხვილესი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

კომენტარები ()