Imedi /  16 მარტი 2017, 16:30 / სანდო წყარო

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი ქურდობაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.

ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს “მაფიის” წევრებად მოიხსენიებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულებმა 40-მდე დანაშაული ჩაიდინეს.

ესპანელმა სამართალდამცველებმა შესაბამისი ოპერაციები მადრიდში, ლეგანესსა და ბარსელონაში ჩაატარეს. ამოღებულია 600-მდე ძვირფასი ნივთი, ასევე ელექტრონული მოწყობილებები, 13 ათასი ევრო და სახლის კარის გატეხვისათვის საჭირო ნივთები.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ესპანეთის პოლიციამ ქართველები თებერვლაში დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია დღეს გასაჯაროვდა. 

ესპანეთის პოლიცია ასევე აცნობებს მოქალაქეებს, რომ ოპერაციისას ამოღებული საიუველირო ნაკეთობები ეროვნული პოლიციის მადრიდის სამმართველოში იქნება გამოფენილი და დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლები ნივთების დაბრუნებას შეძლებენ.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში ქართველების დასაკავებლად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.  

კომენტარები ()