imedi /  17 მარტი 2017, 20:10 / სანდო წყარო

ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 6 პირს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა

სასამართლო პროცესი
ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებულ 6 პირს, მათ შორის, 1 არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო კიდევ ერთ არასრულწლოვანს სამი ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ორსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები - გენადი მამულაძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, კახა მახარაძე და ლაშა დეკანაძე პატიმრობაში დატოვა. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა ახალი დანაშაულის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით. დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თანხის ოდენობა თითოეულ პირზე განსხვავებული იყო და ის 10 ათასიდან 30 ათას ლარამდე მერყეობდა.  

დაკავებულებს არ უარყვიათ აქციაზე ყოფნის ფაქტი. დამატებით განმარტება მათ არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციელმა მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ და არც ის უთქვამს, რა სახის ძალადობას გულისხმობდა.      

ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაუსაბუთებელია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

წინასასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესს, ის დახურული იყო. მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაიზიარა და ერთს პატიმრობა, მეორეს კი, ვინაიდან ის 16 წლისაა, სამი ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მეორე არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით კი, მან ჯერ საქმის მასალები უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს, იყო თუ არა ბრალდებული ნამდვილად აქციაზე და განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს.

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალი. საგამოძიებო უწყება დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ერთი არასრულწლოვანის მიმართ 3 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

კომენტარები ()