imedi /  18 მარტი 2017, 09:33 / სანდო წყარო

ესტონეთში NATO-ს პირველი ქვედანაყოფი ჩავიდა

ესტონეთში NATO-ს პირველი ქვედანაყოფი ჩავიდა, - იუწყება BBC. NATO-ს ჯარების გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი საგანგებოდ იქმნება რუსეთის აგრესიისგან ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის დასაცავად.

ჯერჯერობით ესტონეთში მხოლოდ ბრიტანეთის მე-5 ბატალიონის 120 ჯარისკაცი და ოფიცერი ჩავიდა, რათა ამ ქვეყანაში შეიქმნას NATO-ს სახელმძღვანელო შტაბი. აპრილში კი ბრიტანული კონტინგენტის ძირითადი შემადგენლობაც ჩავა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 800-მდე გაიზრდება.

„NATO ერთგული დარჩება თავისი მოვალეობების, რაც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხება. ბრიტანული სამხედრო ძალები ესტონეთში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ, რათა ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას. ჩვენი მოკავშირეები აშშ-დან კი პოლონეთში განლაგდებიან“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სერ მაიკლ ფელონმა.

პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვაში და ლატვიაში იგეგმება 4 ბატალიონის განლაგება, რომელშიც შედის ალიანსის წევრი ქვეყნების 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

ესტონეთში, ბრიტანული ჯარების გარდა, ჩავა საფრანგეთის არმია, მომავალ წელს კი მათ დანიაც შეუერთდება.

გარდა სწრაფი რეაგირების ბატალიონებისა, ბალტიის ქვეყნებში NATO შექმნის „საკოორდინაციო საბჭოებს“, რუსეთის მოსაზღვრე ალიანსის წევრ ქვეყნებთან: ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან.

ბატალიონების განლაგება ბალტიის ქვეყნებში საბოლოოდ 2016 წელს გადაწყდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყო. ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ალიანსს მოსთხოვეს მათ ტერიტორიაზე ჯარის რაოდენობის გაზრდა და განლაგება. 

კომენტარები ()