imedi /  20 მარტი 2017, 12:34 / სანდო წყარო

პროკურატურაში ნარკოდანაშაულის შესახებ ანგარიში წარადგინეს

ანგარიშის პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით უწყების სამი წლის აქტივობა შეაჯამა.  

პრეზენტაციაზე განიხილეს პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი კვლევა ნარკოტიკის მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ. კვლევის შედეგებს პროკურატურა შემდგომი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის გამოიყენებს. 

საქართველოს პროკურატურამ ამ ღონისძიებით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ კვლევა გასაცნობად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს წარედგინებათ. ასევე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან. მთავარი საგამოძიებო უწყება სტუდენტებისთვის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შესახებ კონკურსსაც აცხადებს.

კომენტარები ()