Imedi /  20 მარტი 2017, 15:18 / სანდო წყარო

პრემიერი მესაზღვრეებს შეხვდა

პრემიერი საქართველო-რუსეთის საზღვრის ომალოს მონაკვეთზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე (21 მარტი) წინასწარ მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

"არ არსებობს ქვეყნის სამსახურზე საპატიო მისია. ხართ ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის", - მიმართა პრემიერმა მესაზღვრეებს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს 5-წლიან პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტის და ავიაციის მოდერნიზებას.

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა კომუნიკაციის და ინფორმაციის სისტემები.

კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მან თუშეთის გზის, წყალმომარაგების სისტემის, ნაგავსაყრელის მშენებლობაზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა.

კომენტარები ()