imedi /  20 მარტი 2017, 15:24 / სანდო წყარო

შოთაძე: დეკანოზის საქმეში სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას

ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზის საქმეში სხვა საერო და სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. იკვეთება თუ არა საქმეში სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმტრის ბრალეულობა, - მთავარი პროკურორი ამბობს, რომ სხვა პირების შესაძლო დანაშაულზე ვერ ილაპარაკებს. "ამ ეტაპზე გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ეს არის ბრალდებული გიორგი მამალაძე. ამდენად მე სხვა პირებზე რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ვერ ვისაუბრებ,"- დასძინა შოთაძემ. 

ამასთან, ვისაგან და რა პირობებში შეიძინა ბრალდებულმა დეკანოზმა ციანიდი გამოძიებისთვის ჯერ ისევ უცნობია. ტელეიმედის კითხვაზე, სად შეიძინა დეკანოზმა შხამიანი ნივთიერება, ირაკლი შოთაძე პასუხობს, რომ ეს ჯერ ისევ უცნობია. "ამ მიმართულებით გამოძიება ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა შხამანი ნივთიერება ბრალდებულმა. ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ სხვა დეტალებზე. რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იყო, პროკურატურამ უკვე გაასაჯაროვა. უპრეცედენტო რაოდენობის მტკიცებულებები, მათ შორის ოპერატიული მასალა გავრცელდა,"- დასძინა მთავარმა პროკურორმა.

მთავარი პროკურორი ჟურნალისტებს დღეს მთავარ პროკურატურაში ესაუბრა, სადაც ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.    

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან იმ ვიდეომასალას გამოეხმაურა, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულებების სახით გაასაჯაროვა. გიორგი მამალაძის წერილს გაზეთი „კვირის პალიტრა" აქვეყნებს. გიორგი მამალაძის წერილზე დღესვე განმარტება მისმა ადვოკატმა გააკეთა

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გაასაჯაროვა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

კომენტარები ()