imedi /  20 მარტი 2017, 16:05 / სანდო წყარო

გიორგი მღებრიშვილი ნატოს გენმდივნის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრა ბრიუსელში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან შავ ზღვაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით.

გიორგი მღებრიშვილმა და როუზ გოტემიულერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილი სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები ()