imedi /  20 მარტი 2017, 16:57 / სანდო წყარო

ხელვაჩაურში კახიძეები მათი მანქანის დაწვას ანრი გოგიტიძის ოჯახს უკავშირებენ

ხელვაჩაურში, კახიძეების ოჯახმა მათი კუთვნილი სატვირთო მანქანა დამწვარი იპოვა. ისინი მომხდარს, 1 წლის წინ ხელვაჩაურში გარდაცვლილი 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახს უკავშირებენ.

კახიძეების მტკიცებით, სწორედ გოგიტიძეების ოჯახს უკავშირდება, 1 წლის წინ, მათი საცხოვრებლის დაწვა და კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანის დაზიანებაც. კახიძეების ოჯახი სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

გოგიტიძისა და კახიძის ოჯახს შორის დაპირისპირება 14 წლის ანრი გოგიტიძის თვითმკვლელობის შემდეგ დაიწყო. მოზარდის ოჯახი მომხდარში კახიძის ოჯახს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს. ოჯახებს შორის დაპირისპირებაც სწორედ ამ ნიადაგზე მიმდინარეობს. 

კახიძეებმა უკვე რამდენჯერმე შეიცვალეს საცხოვრებელი და ბავშვებიც, მათივე განცხადებით, გოგიტიძეების მუქარის გამო, უკვე ერთი წელია სკოლაში ვერ დადიან.

ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ კახიძეების ბავშვებს ნებისმიერ სკოლაში მიიღებენ და მათ უსაფრთხოებაზე სკოლის მანდატურები იზრუნებენ. 

რაც შეეხება მანქანის დაწვისა და მუქარის ფაქტს, გოგიტიძეები აღნიშნულს უარყოფენ და გამოძიებისგან კვლავ მკვლელის დასჯას მოითხოვენ.

14 წლის ანრი გოგიტიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე ერთი წელია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. საქმე აღიძრა დღეს მანქანის დაწვის ფაქტზეც.

კომენტარები ()