imedi /  19 აპრილი 2017, 11:07 / სანდო წყარო

TripAdvisor-ზე საქართველოს შესახებ ახალი კამპანია დაიწყო

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალზე TripAdvisor-ზე ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და TripAdvisor-ის მარკეტინგული მიმართულებების მენეჯერმა ჩედ შაივერმა საზოგადოებას პრესკონფერენციაზე გააცნეს.

ახალი შეთანხმებით, 1 წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია TripAdvisor-ის პორტალზე საქართველოს გვერდის მხარდამჭერი იქნება. 6 თვის განმავლობაში კი პორტალზე საქარველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული სარეკლამო კამპანია გაიმართება. TripAdvisor-ი საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყანაში გაუწევს, მათ შორისაა: გერმანია, პოლონეთი, იტალია, შვედეთი, ნორვეგია, დანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი და თურქეთი. კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 65 ათას აშშ დოლარს ხარჯავს.

TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 390 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 465 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული. TripAdvisor-ზე 7 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია TripAdvisor-ზე 2016 წელსაც გამართა.

კომენტარები ()