imedi /  21 აპრილი 2017, 13:05 / სანდო წყარო

ორბანმა და კვირიკაშვილმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გააკეთეს განცხადება

ვიქტორ ორბანი
გიორგი კვირიკაშვილი

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარება და თანამშრომლობა გრძელდება. „ორივე ქვეყანას გაგვაჩნია შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობა, თუმცა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა არ არის ასეთ მაღალ დონეზე და ამით ვერ ვიამაყებთ, ამიტომ ჩვენი ვიზიტის მიზანია, გამოვხატო მზადყოფნა, რომ გავზარდოთ საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები და გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია ორივე ქვეყანას.“-განაცხადა ვიქტორ ორბანმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, უნგრეთს აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციაში და გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობები.

„90 მილიონიანი ფინანსური ინვესტიცია ხორციელდება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობაში. მე ვუთხარი პრემიერს, რომ ეს ჩარჩო ამოიწურა და მოდი გავაძლიეროთ, გავაფართოვოთ ბიზნესდელეგაციები, რომლებიც ჩამოდიან უნგრეთში. ჩემი კიდევ ერთი წინადადებაა, რომ სოფლის მეურნეობის და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში უფრო გაფართობდეს ქართველი სტუდენტების მონაწილეობა,“- დასძინა უნგრეთის პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, მან საქართველოს პრემიემინისტრი სექტემბერში უნგრეთში დაგეგმილ ევროპის სამიტზე მიიწვია.

ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერმაც. „ამ კუთხით, კმაყოფილებით აღვნიშნავ უნგრული კომპანიების მხრიდან ინტერესის ზრდას საქართველოში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სასტუმრო ინდუსტრიის, თუ სხვა მნიშვნელოვან სფეროებში დაგეგმილი პროექტებისადმი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით. დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. საქართველოს პრემიერმინისტრმა  საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებლის შესახებაც ისაუბრა, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს; მისი თქმით, მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია “Wizz Air” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. 

ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციას წინ უძღოდა პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრა.  

კომენტარები ()