imedi /  28 აპრილი 2017, 21:00 / სანდო წყარო

სებ-ი ეკონომიკის ზრდის 4%-იან პროგნოზს გადახედავს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის 4% იანი პროგოზის გადახედვას გეგმავს. ქვეყნის მთავარი ბანკირის განცხადებით ეროვნული ბანკი ახალ პროგნოზს 10 მაისს გამოქვეყნებს.

EBRD -ის 120 მლნ-ის ლარში ემისიის პრეზენტაციის შემდეგ, კობა გვენეტაძემ ეკონომიკური ზრდის მაღალ მოლოდინზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კი წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაღალ მაჩვენებელს ექსპორტის ზრდას უკავშირებს.

“ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 5,3 %-იც არ არის ბევრი. სწორედ ამიტომ არის 4 პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს“, - აცხადებს გახარია

2016 წლის ბოლო კვარტლის 2.8%-იანი ზრდის შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, I კვარტალში ეკონომიკის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა (01/2017-5.2%; 02/2017 – 4.4%; 03/2017 – 5.3%).

კომენტარები ()