imedi /  14 მაისი 2017, 18:25 / სანდო წყარო

15 ქვეყანა, სადაც მილიარდერები ცხოვრობენ

2017 წელს მსოფლიოში 2 043 მილიარდერი ცხოვრობს, ერთი წლის წინ კი მათი რიცხვი 1810 იყო. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" Forbes-ზე დაყრდნობით წერს.

მილიარდერების ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 6,5 ტრილიონიდან 7,7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა მათი საშუალო ქონების მოცულობა - 3,6-დან 3,8 მილიარდ დოლარამდე. მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც გასულ წელს მილიარდერთა რაოდენობაც და მათი ქონებაც გაიზარდა. 

ქვემოთ წარმოდგენილია ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

ამერიკის შეერთებული შტატებში 565 მილიარდერი ცხოვრობს. მათი დაჯამებული ქონება 2.8 ტრილიონი დოლარია. აშშ-ს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეიტსია. მისი ქონება 86 მილიარდი დოლარია და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

ჩინეთში 319 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 809 მილიარდი დოლარია. ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია ვან ცზიალინი. 2017 წელს მისმა ქონებამ 31,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. მან ფული უძრავი ქონებისა და გართობის ბიზნესით იშოვა. ის ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდებას უკვე 4 წელია ინარჩუნებს.

გერმანიაში 114 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 467,8 მილიარდი დოლარია. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან კარლ ალბრეხტი და ბეატე ჰაისტერი (27-27 მლრდ. დოლარი). ისინი ფლობენ სავაჭრო ქსელ Aldi Sud-ს.

რუსეთში 96 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 386, 3 მილიარდი დოლარია. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია კომპანია Новатэк-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ის ამ სტატუსს უკვე მე-2 წელია ინარჩუნებს. 2017 წელს მიხელსონის ქონებამ 18,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ინდოეთში 101 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 325,2 მილიარდი დოლარია. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი 2003 წლიდან მუკეშ ამბანია. მისი ქონება 23, 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფლობს ნავთობქიმიურ ჰოლდინგ Reliance Industries, რომელიც მამამისმა შექმნა.

ჰონკონგში 68 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 272,1 მილიარდი დოლარია. ჰონკონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კაშინია (31,2 მლრდ. დოლარი). მას ეკუთვნის დეველოპერული კომპანია Cheung Kong Property. 2016 წელს მან ინვესტიციები ჩადო ჩინეთის საფოსტო ბანკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში დააბანდა 28 მილიარდი დოლარი ევროპულ კომპანიებში.

ბრაზილიაში 47 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 172,1 მილიარდი დოლარია. ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანია ხორხე პაული ლემანი. მისი ქონება 22, 9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის მსოფლიოს უმსხვილესი ლუდსახარში კომპანიის Anheuser-Busch InBev, Kraft Heinz-ის და Burger King - Restaurant Brands International-ის აქციებს ფლობს.

დიდ ბრიტანეთში 55 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 164,4 მილიარდი დოლარია. ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან ინდოელი ძმები შრი და გოპი ჰინჯუა - თითოეულის ქონება 15,4 მილიარდი დოლარია. ძმები ფლობენ კომპანია Hinduja Group-ს, რომელიც მუშაობს საავტომობილო და თავდაცვით მრეწველობაში. 

ესპანეთში 55 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 124,7 მილიარდი დოლარია. ესპანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ამანსიო ორტეგა (71,3 მილიარდ დოლარი) არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპის უმდიდრესი ადანიანია. მისი სიმდიდრის ძირითადი წყაროა 1975 წელს მის მიერ შექმნილი კომპანია Zara.

შვედეთში 31 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 117,5 მილიარდი დოლარია. შვედეთის ყველაზე მდიდარი ადამიანია H&M -ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე სტეფან პერსონი. მისი ქონება 19, 9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მექსიკაში 15 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 116. 7 მილიარდი დოლარია. მექსიკის ყველაზე მდიდარი ადამიანია კარლოს სლიმ ელუ (54,5 მლრდ.). 2017 წელს ის პირველად ამოვარდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულიდან, თუმცა ის მაინც ყველაზე მდიდარია საკუთარ ქვეყანაში. სლიმი და მისი ოჯახი ლათინურ ამერიკაში კავშირგაბმულობის უმსხვილეს ოპერატორს America Movil-ს აკონტროლებენ.

სამხრეთ კორეაში 38 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 92,7 მილიარდი დოლარია. Samsung-ის ირგვლივ განვითარებული კორუფციული სკანდალების მიუხედავად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლი გონხი მაინც რჩება ქვეყნის უმდიდრესი ადამიანად. მისი ქონება 15,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2014 წლის მაისიდან ლი გონხმა ინფარქტი გადაიტანა, რის შემდეგაც ის კომაში დარჩა.

ავსტრალიაში 33 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 91 მილიარდი დოლარია. ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯორჯინა რაინჰარტია (15 მლრდ. დოლარი). ის ასევე შედის მსოფლიოს უმდიდრეს ქალთა ათეულში. მისი სიმდიდრის წყაროა მამამისის მიერ შექმნილი სამთომომპოვებელი კომპანია Hancock Prospecting-ი.

სამხრეთ აფრიკაში 8 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 26,6 მილიარდი დოლარია. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია ალმასების მაგნატი, კომპანია De Beers-ის ხელმძღვანელი ნიკი ოპენჰაიმერი. მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

არგენტინაში 7 მილიარდერი ცხოვრობს. მათი ჯამური ქონება 12,4 მილიარდი დოლარია. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანია ნავთობკომპანია Bridas-ის მფლობელი ალეხანდრო ბულგერონი. მისი ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის არგენტინის უმდიდრესი ადამიანი 2016 წლის სექტემბერში მისი ძმის კარლოსის სიკვდილის შემდეგ გახდა.

კომენტარები ()