imedi /  18 მაისი 2017, 08:47 / სანდო წყარო

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცეპრემიერს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცეპრემიერ ვანგ იანგს შეხვდა და მასთან საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა. მისი თქმით, ე.წ. „ცენტრალური დერეფანი“ უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის, რადგან ამ მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12 -14 დღეში.

ქუმსიშვილი ასევე  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ჩინეთის ვიცეპრემიერმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის წინადადება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ. 

კომენტარები ()