imedi /  17 იანვარი 2017, 09:30 / სანდო წყარო

ნიკოლოზ გაგუა: ყველას, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება, ვურჩევდი მასში მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ყველას, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება, მასში მონაწილეობას ურჩევს.

"კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია", - აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

რაც შეეხება კონვერსიის ხარჯს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კონვერსიის პროექტი არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან.

"აღნიშნული პროექტით ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ფიზიკურ პირებს, რომ მათ გააკეთონ კონვერსია, არამედ მთლიანად ეკონომიკას, რომ მოხდეს ლარიზაცია. ამით ისარგებლებს მთელი ეკონომიკა", - აღნიშნავს გაგუა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ლარის სესხი სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას იძლევა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით: "აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი. ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას".

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო.

კომენტარები ()