Imedi /  19 ივნისი 2017, 18:57 / სანდო წყარო

კვირიკაშვილი: მიწის საკუთრებაზე შეზღუდვები ინვესტიციებს არ შეამცირებს

გიორგი კვირიკაშვილი

"მიწის საკუთრებაზე შეზღუდვები პირველ რიგში არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის სურვილზე. ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა ფორმები, როგორებიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიციური ინვესტორებისთვის. ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ხელი შევუწყოთ ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, არ ეხება არსებულ მფლობელობას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე მორატორიუმი დააწესა. მორატორიუმს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ". საპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, ინვესტიციები შემცირდება და მოსახლეობას დაზარალდება.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, ჩერდება კანონის მე-4 მუხლის იმ პუნქტების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით მოითხოვს.

მმართველი გუნდი კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვის აკრძალვას აპირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, აკრძალვა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უარყოფითად არ აისახება.

საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა.

კომენტარები ()