imedi /  17 ივლისი 2017, 15:55 / სანდო წყარო

Gem Fest-ს გახსნის პირველ დღეებში 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

GEM FEST 2017

"Gem Fest-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% უცხოელი იყო. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე", - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, Gem Fest-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა.  

"ხუმრობა არ არის, რომ სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება საოჯახო სასტუმროები და ახალი ობიექტები", - აღნიშნა სიგუამ პრესკონფერენციაზე. 

Gem Fest 2017 განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 33 დღის განმავლობაში, 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი შემსრულებელი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. 

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. 

ფესტივალზე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, სწრაფი კვების 40-მდე რესტორანი და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მუსიკალურთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ მოვლენას წარმოადგენს.

კომენტარები ()