imedi /  17 ივლისი 2017, 16:04 / სანდო წყარო

თბილისში ახალი მუნიციპალური ავტოპარკი გაიხსნა

ახალი ავტოპარკის ტერიტორია

თბილისის მერიის ცნობით, 1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა. ახალი ავტოპარკი დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება.

6 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული ბაზა შემდეგ ობიექტებს მოიცავს: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ნაგებობები.

მერიის ინფორმაციით, ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური ფირმა - SAFE-ის გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის 70%-მდე ეკონომიას იძლევა

დავით ნარმანიას განცხადებით, ახალ ავტოპარკში MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი განთავსდება. პროექტის ღირებულება 19 მილიონ ლარზე მეტია.

მერიის ცნობით, ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში კი დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. 

ამასთან, დღეიდან Man-ის ახალი ავტობუსები ქალაქის თითქმის ყველა უბანში იმოძრავებს.

კომენტარები ()