imedi /  03 აგვისტო 2017, 11:49 / სანდო წყარო

საქართველოს იანვარ-ივლისში 3 978 657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი - 982.487 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. შსს-სა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ასეთი მონაცემი საქართველოს ისტორიაში ჯერ არცერთ თვეში დაფიქსირებულა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

უწყებების ცნობით, ივლისის თვის მაჩვენებლით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519.349 შეადგინა, რაც 128.651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა + 32.9%). 

2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან (+60.4%), სომხეთიდან (+25.4%), აზერბაიჯანიდან (+13.8%), თურქეთიდან (0.6%) და ირანიდან (85.8%) განხორციელდა.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობას, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%. 

რაც შეეხება ზოგად სურათს, 2017 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, საქართველოს იანვარ-ივლისში 3 978 657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572, 195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8%-ია). იანვარ-ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 1 829 331 შეადგინა, რაც 423 816-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%) და ირანიდან (+169.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები +39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +398%, ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და უზბეკეთი +138%. 

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (+23.3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 82 მილიონით მეტია. 

კომენტარები ()