imedi /  10 აგვისტო 2017, 10:53 / სანდო წყარო

თბილისი მოლის კარფურს პურ-პუნთუშეულის წარმოება დროებით აეკრძალა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თბილისი მოლში" განთავსებული "კარფური" შეამოწმა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საყინულე-მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს.

ვებგვერდის ცნობით, 2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა მათ ფარული საჩივარი გაუგზავნა და "თბილისი მოლში" მდებარე "კარფურის" მაღაზიაში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმება სთხოვა. მითითებულ მაღაზიაში ორი პროდუქტი შეიძინეს - "სანდომი ვაფლი" და "ჯეო ბეიკერსი პეჩენია", რომლებიც ორგანოლეპტიკური ანალიზისთვის ლაბორატორიაში მიიტანეს.

momxmarebeli.ge წერს, რომ ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, პეჩენიასაც და ვაფლსაც აღენიშნება სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი. პასუხების მიღების შემდეგ, შესაბამისი წერილი გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაშიც.

2017 წლის 21 ივლისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ momxmarebeli.ge-ს საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომელშიც სააგენტოს მიერ ფირმების შპს „ვასაძის პური“ და შპს „ჯეო ბეიკერსი“ შემოწმების შედეგეზე წერია. წერილიდან ირკვევა რომ სააგენტოს მიერ საწარმოებში განხორციელებული კონტროლისას არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. 

2017 წლის 27 ივლისს შპს "ვასაძის პურმა" momxmareblebi.ge-ს მიაწოდა მათი პროდუქციის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, რომლის მიხედვითაც შემოწმებული ვაფლი „თბილისური“ შესაბამისი ნორმების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

რაც შეეხება "კარფურის" შემოწმებას, ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ გამოუგზავნია. გაიგზავნა წერილი სააგენტოში, განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ არ შემოწმდა "კარფური".

2017 წლის 9 აგვისტოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ momxmareblebi.ge-ს აცნობა, რომ მაღაზია "კარფური" შეამოწმა და მის საწარმოში კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დააფიქსირა. საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 

momxmarebeli.ge წერს, რომ აღნიშნული შეუსაბამობები, როგორც ჩანს, არ უკავშირდება მათ მიერ შემოწმებულ ტკბილეულის ნაკლს.

კომენტარები ()