imedi /  10 აგვისტო 2017, 14:23 / სანდო წყარო

ფონდი „სიცოცხლის ხე“ მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ბანკის ფონდი "სიცოცხლის ხე" მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. კერძოდ, ისეთი პროექტები, რომლებიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას უზრუნველყოფს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სულ მცირე, 2 წევრისაგან შემდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი, აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე, იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე.

საგრანტო კონკურსის პირობები: თითოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს, სულ მცირე, 1 შშმ პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწრამეობის შესახებ პროექტებზე.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 10 აგვისტოს და დასრულდება 2017 წლის 10 სექტემბერს 18:00 სთ-ზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2017 წლის ბოლომდე გამოავლენს.

კომენტარები ()