Imedi /  11 აგვისტო 2017, 19:19 / სანდო წყარო

კერძო სექტორს რთველის დეტალები გააცნეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"რთველის წარმატებით ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს. საკმაოდ დიდია ყურძნის მოსავალი. გაზრდილია ღვინის ექსპორტი. ორგანიზებულია რთველთან დაკავშირებული საკითხები. მთავრობამ დაამტკიცა რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები. მაქსიმალური კოორდინაციით და ორგანიზებულობით რთველის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას შევძლებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"კერძო სექტორი მზად არის და წლევანდელ სისტემას კარგად იცნობს. გაგებით შეხვდნენ, რომ წელს სუბსიდიის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი. ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება 140-150 ათასი ტონა ყურძენი", - თქვა გიორგი სამანიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1 კგ-ზე 2 ლარი.

რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება - ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის) წარმომადგენლების შემადგენლობით.

თვითმმართველ ქალაქებში გამოიყობა ყურძნის რეალიზაციის ადგილები. წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა.

კომენტარები ()