imedi /  12 აგვისტო 2017, 10:15 / სანდო წყარო

კვირიკაშვილი: საქართველოს 10-15 მილიონი ვიზიტორის მიღება შეუძლია

თამაზ მჭედლიძე
გიორგი კვირიკაშვილი
ტარცისიუს კავიეზელი

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერ ტარცისიუს კავიეზელთან ერთად კოჯორში სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი "ბიოლი" დაათვალიერა და საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

გიორგი კვირიკაშვილმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც ნულიდან შექმნა ეს საოცრება, შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა. ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. ხელისუფლების მხრიდან კი, ეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები სხვაგანაც განვითარდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელის და მისი მეუღლის ვიზიტს და საქართველო-შვეიცარიის მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.

"შვეიცარია გამოირჩევა იმით, რომ მთიანი რეგიონები ავთენტურობის შენარჩუნებით განავითარა. სწორედ ამის სწავლა გვინდა. საქართველოში იმყოფებოდა შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი, ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, ველით შვეიცარიის პრეზიდენტის, ქალბატონ დორის ლუთარდის ვიზიტს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიას საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირებაში განსაკუთრებული როლისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა დავოსის მერი ბაკურიანში მიიწვია, ჰოკეის პირველი არენის გახსნაზე.

"ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს. დავოსს წელიწადში 2 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობა თუ შეუძლია, საქართველო თავისუფლად უმასპინძლებს 10-15 მილიონ ვიზიტორს. შარშან 6-მილიონიან მაჩვენებელს გადავაბიჯეთ. წელს 7 მილიონს ვუახლოვდებით. ამ ტემპით  თუ ვიარეთ, რამდენიმე წელიწადში 10 მილიონს გადავაჭარბებთ. 15 მილიონი კი ის მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - მიკროგრანტების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება - ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა დაინახონ უმნიშვნელოვანესი კავშირი თითოეულ ტურისტსა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები ()