imedi /  12 მარტი 2017, 19:55 / სანდო წყარო

ქართულ ბაზარზე ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი შემოდის

Ryanair

საქართველოში ავიაკომპანია Ryanair-ის შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. ავიაკომპანიის აეროპორტების კოდებში თბილისი უკვე გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია თავისი გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას commersant-ი ავრცელებს.

"იმედი გვაქვს კომპანიას ფრენები ბევრი მიმართულებით ექნება და ქართველები უკვე ვიზის გარეშე შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას, რისი ფასიც 5 ევროდან დაიწყება. ველოდებით ირლანდიური კომპანიის ოფიციალურ განმარტებს", - წერს გამოცემა geolowcost.com  

ერთი წლის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Ryanair-ის კომერციულ დირექტორს, დეივიდ ობრაიანს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

ავიაკომპანია Ryanair-ი დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.

კომენტარები ()