imedi /  20 მარტი 2017, 16:05 / სანდო წყარო

გურიასა და აჭარაში ნავთობის მოძიებაზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, Vectra Petroleum Limited-სა და NauticAwt Energy PTE LTD-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანიები გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის რეალიზებისას დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

Vectra Petroleum Limited-ი, 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით მან 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
 
Vectra Petroleum Limited-ი ჰონგ-კონგში რეგისტრირებულია კომპანიაა. ის ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში ოპერირებს. NauticAwt Energy PTE LTD სინგაპურში 2011 წელს დაფუძნდა.

შეთანხმების ხელმოწერას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები ()