imedi /  20 მარტი 2017, 16:34 / სანდო წყარო

VTB ბანკი გალარების პროგრამას სახელმწიფოს პარტნიორობის გარეშეც გააგრძელებს

VTB ბანკში გალარების პროგრამას წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ ბანკი გალარებას სახელმწიფო პროგრამის პარტნიორობის გარეშეც განაგრძობს. ბანკის ცნობით, დაუზუსტებელი მონაცემებით, პოტენციური სესხების 40%-მდეა კონვერტირებული, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი მოცულობით.

მენეჯმენტის შეფასებით, პროგრამის წარმატება ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პოზიტიურად აისახება. “გალარების მექანიზმი სწორად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სექტორის მთავარი გამოწვევის მაღალი დოლარიზაციის დაძლევას შეუწყობს ხელს. ამ პროგრამამ უკვე შექმნა ლარში გრძელვადიანი დაფინანსების წყარო და ფინანსური დანაკარგების რისკიც ბევრს შეუმცირა,”- განაცხადეს ბანკში. 

გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და ორი თვე გაგრძელდა. მთავრობის ინიციატივის ერთჯერადი სოციალური აქციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები ლარში გადავა. სესხები გალარების დღის არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის (20 თეთრის) ოდენობით გალარდება. ხოლო კურსთაშორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ჩათვლიან, რომ ერთ რომელიმე ბანკში დოლარში აღებულ სესხს სხვა ბანკში უკეთესად გაალარებენ, დაბრკოლება არ შეექმნებათ. 

სუბსიდირება 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, 100 ათასი ლარის მოცულობის საბანკო სესხებს შეეხება, რომლის ნარჩენი ღირებულებაც 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს არ აღემატება. ხოლო თუ სესხის მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია, სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით, ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, სუბსიდირების გარეშე გალარდება.

კომენტარები ()