29 მაისი 2017

ლიტვის წარმატების ფორმულა

ყოფილი პრეზიდენტი თბილისის 26-წლიან შეცდომებს და მიღწევებს აფასებს

ბალტიის ქვეყნებთან საქართველოს წარსული და მომავალი აკავშირებს. თუმცა საბჭოთა წარსულისგან თავის დაღწევას ისინი სხვადასხვა გზით ახერხებდნენ. ლიტვამ ეს გზა უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გაიარა, და ახლა ნატოს და ევროკავშირის წევრია. რატომ გამოუვიდათ ბალტიის ქვეყნებს ის, რაც საქართველოს რთულად გამოსდის? ამ კითხვაზე პასუხი "იმედმა" დამოუკიდებელი ლიტვის პირველი პრეზიდენტისგან მიიღო. რუსეთის მზარდ გავლენებზე, დასავლეთის პოზიციებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე მართა არდაშელია ვიტაუტას ლანსბერგისს ესაუბრა.

26-წლიანი დამოუკიდებლობის შედეგად ლიტვა ნატოს და ევროკავშირის წევრია - ახლა რა არის  თქვენი ქვეყნის მიზანი?

ჩვენი მთავარი საზრუნავი დღეს და მომავალში არის ეროვნული უსაფრთხოება. გლობალური კონფრონტაციისა და ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით, უნდა  დავაღწიოთ  თავი ყოფილ იმპერიას და არ დავბრუნდეთ მისი გავლენის სფეროში. ასევე, არ უნდა ვეთანხმებდეთ რუსეთის ქმედებებს, არ უნდა ვიყოთ კრემლის სატელიტი სახელმწიფო. ამ მიზანს კარგად აცნობიერებენ სახელმწიფო უწყებები და ლიტველები. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რუსეთი და ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ამავდროულად, ჩვენ ირგვლივ არაერთი ქვეყანა სხვადასხვა დოზით იმავე გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ერთად ვუწევთ წინააღმდეგობას. ეს არის ჩვენი არჩევანი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან ბალტიის ქვეყნები ყველაზე წარმატებულები არიან.  როდესაც გასულ წლებს აანალიზებთ, თქვენი აზრით, რომელმა ნაბიჯებმა გაამართლა და რა შეცდომები დაუშვით?

დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე, როდესაც  მას ფორმალურად მივაღწიეთ და შემდეგ, როდესაც გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ამ ყველაფერს დიდ მიღწევად მივიჩნევდით. გვეგონა, რომ  ბრძოლა დასრულდა. ახლა კი ვხვდებით, რომ ყველაფერი ასე ოპტიმისტურად არ იყო. რა თქმა უნდა, საქმე იმაზე უკეთესად გვაქვს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი მოვლენებს უფრო გლობალურად ვუყურებ. საქმე მხოლოდ ლიტვის ან ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობაში არ არის. უფრო მნიშვნელოვანია ევროპის დამოუკიდებლობა. ევროპა განიხილება, როგორც რუსეთის გავლენის შესაძლო გაძლიერების ადგილი. ამას ვერ ხვდება ყველა ევროპელი. ზოგს კი - პირიქით, უნდა  რომ გახდეს რუსეთზე ნაწილობრივ დამოკიდებული. მიზეზია რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა, რომელსაც მე გლობალურ მოსყიდვას ვუწოდებ. ჩვენ არ გვსურს ამ დიდ თამაშში - გავლენიანი მოთამაშეების ხელში მარიონეტები ვიყოთ. ლიტვამ მიაღწია იმას, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა და ზოგჯერ ახერხებს კიდეც გავლენა ჰქონდეს პროცესებზე.

დონალდ ტრამპი, ბრექსიტი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები - რა სჭირს დასავლურ ლიბერალურ ღირებულებებს?  
 
​რა არის ლიბერალური ღირებულებები?  - თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება. უფლება, განსაზღვრო შენი ცხოვრების წესი და აირჩიო პოლიტიკური წყობა. ჩვენ ეს თავისუფლება მოვიპოვეთ. ყველაზე დიდი პრივილეგიაა, თავად განკარგო შენი მომავალი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 100%-ით თავისუფლები ვართ.  მაგრამ მუდმივად არის მცდელობა, შეიცვალოს ჩვენი პოლიტიკური კურსი. ეს მუდმივი საფრთხეა და ჩვენ ეს კარგად გვესმის.

რუსული პროპაგანდა ლიტვას წარმოაჩენს როგორც ევროკავშირის წარუმატებელ სახელმწიფოს, მრავალი ეკონომიკური პრობლემით. რუსული პროპაგანთა თითქმის იმავე სქემით მუშაობს საქართველოშიც - რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ გამოწვევას?

ჩვენი პოზიცია ცნობილია, მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისთვის. არის სურვილი, რომ ევროპა იყო მართული და ეს სურვილი არ არის ნაკარნახევი ადამიანების კეთილდღეობით. გარკვეულ ძალებს სურთ დაიპყრონ მეტი ტერიტორია. მათ ეს მიდგომა ისტორიულად გამოუმუშავდათ, თუმცა ის, რა თქმა უნდა, მცდარი და მოძველებულია. სახელმწიფოს მიზანი არ არის გაფართოება და პატარა მეზობლების დაპყრობა. ასეთი იმპერიები პარაზიტებივით არიან. ჩვენ, როგორც ჯანმრთელმა ერმა, ეს პარაზიტული დაავადება უნდა დავამარცხოთ.

უნდა შეიმუშავონ თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ანტიპროპაგანდისტული სტრატეგია? არის თუ არა ეს საუკეთესო გზა ობიექტური ინფორმაციის გავრცელებისთვის?

ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ეს გლობალური პრობლემაა. მთავარია, გამოწვევა ერთობლივად გავაცნობიეროთ. უნდა გავაანალიზოთ, რომ მოწინააღმდეგეს უნდა ჩვენი დამორჩილება, მას არ სურს ჩვენი დამოუკიდებლობა. პროპაგანდისტული ძალები ცდილობენ, გაურკვევლობა დათესონ, ხშირად ვითარებას ევროპაში წარმოაჩენენ, როგორც ძლიერი ძალების დაპირისპირებას. მაგალითად, უკრაინა, რომელიც ასახავს ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირებას. რუსული პროპაგანდის მიხედვით, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს. მასზე, როგორც ტერიტორიაზე, ისე საუბრობენ, უკრაინელებზე კი _ როგორც მონებზე, რომლებსაც ან ერთი, ან მეორე სახელმწიფო დაპყრობს. მაგრამ ეს ასე არ არის, და ჩვენ ამ ფუნდამენტურ სიცრუეს უნდა დავუპირისპირდეთ. უკრაინა დღეს იბრძვის უფლებისთვის, იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თქვენ ხშირად აკრიტიკებთ პუტინის რუსეთს, რას უნდა ველოდოთ კრემლის ლიდერისგან და რა უნდა დავუპირისპიროთ მას?

რას უნდა ველოდოთ კრემლის მოქმედი ლიდერებისგან?! - უნდა მოვიცილოთ ისინი და რაც შეიძლება მალე. ისინი უკეთესობისკენ არ შეიცვლებიან. სამწუხაროდ, ისინი  საკუთარი განათლების, წარსულის მძევლები არიან და მცდარი წარმოდგენა აქვთ იმაზე, რას ნიშნავს სიტყვები, ურთიერთობები ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის. მათი აზროვნება არასწორად არის მოწყობილი. და ისეთ დიდებულ პროფესორსაც კი, როგორიც ვლადიმერ პუტინია და რომელიც მთელს მსოფლოს ასწავლის, არ გააჩნია უნარი საკუთარ მოსახლეობას ასწავლოს - რა არის კარგი. პირიქით, ის ძალიან ცდილობს აჩვენოს, რა არის ცუდი. მოსახლეობა კი ტვინისგამორეცხვის მსხვერპლია.

9 აპრილს საქართველოს ბალტიის ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა  გამოუცხადეს.  შეგიძლიათ, გაიხსენოთ თქვენი ემოციები იმ დღეს?  რა როლი ითამაშა 9 აპრილმა საბჭოთა კავშირის დაშლაში?

9 აპრილი იყო შედეგი იმ მოვლენებისა, რომლებიც მანამდე განვითარდა საქართველოში. მახსოვს მოძრაობა თავისუფლებისათვის, რომელიც ძალას იკრებდა. ლიტვა ამას აკვირდებოდა და ზოგჯერ გვშურდა კიდეც თქვენი სიმამაცის. ჩვენთვის მაგალითი იყავით, როდესაც დაიცავით სახელწიფო ენის უფლება. ეს უნიკალური მოვლენა იყო საბჭოთა კავშირში. მაშინ ლიტველები ვადანაშაულებდით ჩვენს კომუნისტებს იმაში, რომ ასეთი სიმტკიცე ვერ გამოიჩინეს. შემდეგ თქვენთანაც, და ეს ბუნებრივია, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ჯგუფში ინტერესები გაიყო. ეს მოძრაობა არ იყო ერთი მთავარი მიზნის გარშემო გაერთიანებული. ასეთი პრობლემის წინაშე იდგა ლიტვაც. ჩვენი მიზანი იყო შიდა დაპირისპირების გადალახვა, რომელიც პოლიტიკურ ელიტას ყოფდა. ამაში ჩვენ უფრო წარმატებულები აღმოვჩნდით, ვიდრე საქართველო, რომელმაც შიდა დაპირისპირებაზე დიდი დრო დაკარგა. ამით მტკივნეული შედეგი მიიღეთ. მე ხშირად მეკითხებიან, როგორ მიაღწია ლიტვამ ამდენს. ჩემი პასუხია - ჩვენ არ დაგვიკარგავს დრო და ყოველთვის მივყვებოდით მთავარ მიზანს.

გქონდათ თუ არა პირადი კავშირები ქართველ ლიდერებთან - მაგალითად,  გამსახურდიასთან?

მე მქონდა პირდაპირი ან ირიბი ურთიერთობები მათთან. გამსახურდიასთან - უფრო ირიბი. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის პირველი პროექტი გამომიგზავნეს იმისათვის, რომ გადამეხედა და ცვლილებები შემეტანა. არ ვიცი, გაითვალისწინეს თუ არა, მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან საბჭოური კონსტიტუცია იყო. მაშინ მე მქონდა შესაძლებლობა, რჩევა მიმეცა მათთვის. ჩვენ ყოველთვის გვყავდა მეგობრები და კოლეგები საქართველოში. ურთიერთობები გაგრძელდა მოსკოვში სახალხო დეპუტატების კონგრესის შემდეგ. მასხოვს, მოსკოვში, როდესაც ლიტვურმა მხარემ კითხვა დასვა 9 აპრილზე, გვსურდა ამ საკითხზე კონგრესს პოზიცია გამოეხატა. მაშინ ქართულ დელეგაციას ჰკითხეს აზრი, მახსოვს მათი დაბნეულობა. ეს ძალიან უცნაური იყო ჩვენთვის. დელეგაცია დაყოფილი ჩანდა. მაშინ ვიფიქრე კიდეც, რომ ჩვენი ჯგუფი უფრო გაერთიანებული იყო მიზნების გარშემო. შესაძლოა, ეს არის მიზეზი, რატომაც დაკარგა საქართველომ ამდენი დრო. გამსახურდია იყო პიროვნება, რომელსაც ლიდერობა სურდა, სურდა შეექმნა ისტორია. მას ბევრ რამეში ადანაშაულებენ, მაგრამ მას უნდოდა ქვეყანა წინ წაეყვანა და ერთ ადგილზე არ გაჩერებულიყო. მისი მთავრობა იყო პირველი, რომელმაც ბალტიისპირეთს მიბაძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმდინარეობდა დისკუსია დსთ-ის შექმნის თაობაზე. ბალტიის ქვეყნებმა გადავწყვიტეთ, რომ არ გვსურდა ამ პროცესში მონაწილეობა. საქართველომაც მსგავსი პოზიცია დაიკავა. საქართველო იყო საკმარისად გამბედავი იმისათვის, რომ ჩვენი მაგალითი გაეზიარებინა. ეს არ უნდა დაივიწყოთ. ამაში გამსახურდიას დიდი როლი მიუძღვის. შესაძლოა, მას შეცდომებში ადანაშაულებთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეცდომა არ ყოფილა.

"იმედის კვირა"

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები