11 ივლისი 2017

დოჰა დიპლომატიური კრიზისის ეპიცენტრში

ინტერვიუ კატარის ელჩთან

5 ივნისს, ელ-რიადში ჩატარებული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტიდან ერთ კვირაში, კატართან მისმა მეზობელმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები ერთმანეთის მიყოლებით გაწყვიტეს. არაბულ სახელმწიფოთა კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, დოჰა ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კატარულმა სააგენტომ ამირის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ირანთან ურთიერთობის მოგვარებაზე იყო საუბარი. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ამირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს, თუმცა არაბულმა ქვეყნებმა ეს უარყოფა არ მიიღეს. imedinews-ი სპარსეთის ყურეში შექმნილი კრიზისის ფონზე საქართველო-კატარის ურთიერთობებით დაინტერესდა. ჟურნალისტ მართა არდაშელიას კითხვებს საქართველოში კატარის ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ წერილობით უპასუხა.      


რა გახდა ამ კრიზისის მთავარი მიზეზი?

მას შემდეგ, რაც უცნობმა ჰაკერებმა კატარის ახალი ამბების სააგენტო გატეხეს და ახალი ამბები გააყალბეს, ოფიციალურმა კატარმა დაუყოვნებლივ უარყო ამ ახალ ამბებთან კავშირი და მთავრობის სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ამბები გატეხეს და კატარის ემირს, მის აღმატებულება შეიხ თამიმ ბინ ჰამადს ცრუ განცხადებები მიაკუთვნეს. მოგვიანებით, მთავრობის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ოფიციალური კატარი დაიწყებდა გამოძიებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა პასუხისმგებელი პირი ამ ქმედებისთვის პასუხს აგებდა. 

მოგვიანებით, ოთხმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ გაავრცელეს განცხადება, სადაც კატარის სახელმწიფოს ტერორიზმის მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დასდეს ბრალი. მათი განცხადება წინააღმდეგობრივია: როგორ უჭერს კატარი ირანს მხარს, და იმავდროულად ებრძვის ჰუსიტებს და როგორ უჭერს კატარი მხარს „ჰეზბოლას“ ლიბანურ დაჯგუფებას თუ პარალელურად მხარს უჭერს „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ ძალებს?

რა გავლენას მოახდენს კრიზისი კატარის ეკონომიკურ მგდომარეობასა და ზოგადად ვითარებაზე რეგიონში?

ბუნებრივია, მიმდინარე კრიზისი გარკვეულ ეკონომიკურ შედეგებსა და ცვლილებებს მოიტანს და შესაძლოა ექსპორტ-იმპორტის ფასების გაზრდაც გამოიწვიოს ნავიგაციის გზების ცვლილებების შედეგად. თუმცა აღნიშნული ცვლილებები უშუალოდ კატარის ეკონომიკაზე დიდად არ აისახება, იმის გათვალსიწინებით, რომ კატარის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი და დივერსიფიცირებულია და მისი ბაზარი არ არის დამოკიდებული ბლოკადის ქვეყნების ბაზრებზე. თუ რაიმე სახის ფასების ზრდას ექნება ადგილი, ამის კომპენსირება მომავალში მოხდება. ამდენად კატარის ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესებს დიდი გავლენა არ ექნება.

ის პირობები, რომელსაც ახლა განიცდის კატარი და რომელიც გამოწვეულია საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მხრიდან ურთიერთობების გაწყვეტით, კატარისთვის ახალი არ არის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოჰა ცდის საკუთარ ძალებს საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევაში, რომელიც თავად არ გამოუწვევია.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ენერგეტიკაში ფასები მკვეთრად დაეცა, რასაც შემდეგ საუდის არაბეთიდან და გაერთიანებული საამიროებიდან 2014 წელს ელჩების გაწვევასთან დაკავშირებული კრიზისი მოჰყვა, კატარმა დაამტკიცა, რომ ყველანაირ ეკონომიკურ შედეგებთან ადაპტაცია და მსოფლიო მასშტაბით განვითარების უმაღლესი მაჩვენებლის მიღწევა შუძლია. 

კატარმა უკანასკნელი წლების განმავლობაში გააფართოვა ქვეყნის ცენტრალური საზღვაო პორტი და შექმნა მსოფლიოში გამორჩეული აეროპორტი, რომლებიც მისი 2 სასიცოცხლო ცენტრია მსოფლიოსთან ვაჭრობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დოჰამ გახსნა პირდაპირი საზღვაო გზა მსოფლიოში უდიდეს საზღვაო ალიანსთან, რაც თავის მხრივ მეზობელ ქვეყნებთან ექსპორტის აღდგენის მხრივ კომპენსირებას ახდენს. კატარის პორტთა მენჯმენტის კომპანია „მავანი კატარ“ ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციაა და მუდმივად ვითარდება. ამის ნათელი მაგალითია, 2017 წლის მაისის მონაცემები, სადაც აღნიშნულია იმ დროისთვის კომპანიის მიერ განხორციელებული გადაზიდვების მასშტაბი: 45,930 კონტეინერი, 49,428 ტონა - ზოგადი ტვირთი, 5,727 - ავტომობილი და სხვა ტიპის ტექნიკა, 102,808 - ცოცხალი პირუტყვი, 2,326 - სამშენებლო მასალა. სწორედ ჰამადის პორტი არის კატარის ვაჭრობის ერთ-ერთი უმთავრესი კარიბჭე, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და სხვადასხვა პორტებთან პირდაპირი გზებით ეწევა გადაზიდვებს.

როგორია ამ ეტაპზეა საქართველო-კატარის ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე?

საქართველოსა და კატარს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც დინამიკურად ვითარდება და აქტიური თანამშრომლობა გვაქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ კატარი ერთადერთი არაბული სახელმწიფოა, რომლის დიპლომატიური მისია თბილისში რეზიდენტი საელჩოთი და ელჩით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, ასევე კატარსა და საქართველოს შორის უკვე ხელმოწერილი რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის საფუძველსა და სივრცეს ჰქმნის. მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები და სხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის მზადების პროცესში. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა კულტურა, ტურიზმი, სავაჭრო და სამეცნიერო-ტექნიკური სფეროები, სოფლის მეურნეობის სფერო, მედიცინის სფერო და სხვ.

კატარის ავიახაზები აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში და ყოველკვირეული ავიაფრენების რაოდენობა იზრდება. 2016 წლის დეკემბრიდან კომპანიამ პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყო დოჰასა და თბილისს შორის. ამ ეტაპზე ჯამურად კვირაში 14 რეისი სრულდება თბილისსა და დოჰას შორის, აქედან  7 რეისი პირდაპირია ორ ქალაქს შორის, ხოლო 7 რეისი ბაქოს გავლით სრულდება.

რამდენი კატარული კომპანია მოქმედებს საქართველოში და პირიქით, როგორ არის ქართული ბიზნესი კატარში წარმოდგენილი?

საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განვითარების ეტაპზეა. როგორც უკვე აღვნიშნე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის დარგში. მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერა მომავალშიც იგეგმება, რაც კიდევ უფრო გააქტიურებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს კატარელ ბიზნესმენთა და ინვესტორთა ჯგუფი ეწვია საქართველოს. ისინი ადგილზე გაეცნენ საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს, ადგილობრივ ბიზნეს-სექტორს, გამართეს შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან. მსგავსი ვიზიტი იყო 2016 წელს, როდესაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ დოჰას და უშუალოდ დაუკავშირდნენ კატარულ კომპანიებსა და კატარის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საელჩოს დონეზეც აქტიურად მიმიდინარეობს. მე შეხვედრები გავმართე ეკონომიკის მინისტრთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელთან, საქართველოს საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელთან, სადაც მოხდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობების განხილვა.

როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება კატარის ირგვლივ არსებული დიპლომატიური კრიზისი დოჰას და თბილისს შორის ურთიერთობებზე?

მიმდინარე კრიზისი კატარისა და საქართველოს ურთიერთობებზე არ აისახება. საქართველო კატარის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა და მათ შორის ურთიერთობები ვითარდება და ღრმავდება, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეებზე, ასევე ხალხთაშორის ურთიერთობების დონეზე და ამის ნათელი მაგალითი კატარის ავიახაზების მიერ ფრენათა რაოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საქართველოში ერთადერთი არაბული აკრედიტებული საელჩო, სადაც ასევე წარმოდგენილია ელჩი არის სწორედ კატარის საელჩო და კატარშიც არის აკრედიტებული საქართველოს საელჩო და ელჩი, რაც ჩვენი ქვეყნების დაახლოებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.  

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები