29 ივლისი 2017

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის წინააღმდეგ

რა სხვაობაა პოლიტიკოსს და მოხელეს შორის

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დავა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა. თუმცა მიმდინარე კვირას კამათი ღია კონფლიქტში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტი თეა სიჭინავა ესაუბრა.

 


მიმდინარე კვირას განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ითქვას მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ეს იყო ღია კონფლიქტი, ასე დავინახეთ ჩვენ, ასე დაინახა საზოგადოებამ. ვიდრე უშუალოდ კონკრეტიკაზე გადავალთ, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ - არ ფიქრობთ რომ ასეთი სახის ღია დაპირისპირებები პირველ რიგში სახელმწიფოს აზარალებს, ვნებს და ნდობას უკარგავს მოსახლეობის თვალში?

რაც შეეხება დაპირისპირებასა და დავას ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში. ჩვენ ვიცით რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი. ეს არის მისი როლი, როგორც ეს არის გაწერილი ქვეყნის ძირითადი კანონით. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში. ის არის, როგორც ამას "ენდიაიმ" უწოდა, ე.წ მეორე საქართველოს ნაწილი, ანუ ოპოზიციის ნაწილი. აქედან გამომდინარე ეს დაპირისპირება არის სრულიად ბუნებრივი. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება პრეზიდენტის ეს პოზიცია მოქმედ კონსიტუციას, თუმცა ის არის ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია ის დაპირისპირება რომელიც არსებობს.

თუმცა, რაც შეეხება დაპირისპირების ფორმას, ამაზე აუცილებლად არის სასაუბრო. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება უნდა იჯდეს ეთიკის ფარგლებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ, სწორედ ამ ეთიკის ფარგლებს გასცდა დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გამოსვლას და მის განცხადებებს, რომლებიც იყო შეურაცხყოფებით გაჯერებული და შემდეგ ეს შეურაცხყოფა არამარტო დაადასტურა პრეზიდენტმა, არამედ შეურაცხყოფას დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას და ზოგადად მმართველ გუნდს, მმართველი გუნდის მხრიდან შეიძლება იყო პერიოდულად მწვავე კრიტიკა პრეზიდენტის მიმართ, თუმცა არასდროს არ გასცდენია ეს კრიტიკა ეთიკის ფარგლებს და არასდროს არ გადაზრდილა ეს ყველაფერი შეურაცხყოფაში. რაც შეეხება პრეზიდენტის მხარეს, მათი მხრიდან ჩვენ შეურაცხყოფა გვესმის პრაქტიკულად პერმანენტულ რეჟიმში. თქვენ ხართ ჟურნალისტი და ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებით მოვლენებს, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი მაგალითი იმისა, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პრეზიდენტს?

თქვენ მიუთითეთ ანა დოლიძეს, რომ ის არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომ ის არის საჯარო მოსამსახურე და მას არ აქვს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება, თუმცა ანა დოლიძე აპელირებდა თქვენ მიერვე მიღებულ კანონზე საჯარო სამსახურის შესახებ, რომ მას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, რომ ის არ არის მხოლოდ საჯარო მოსამსახურე, და აპელირებდა იმაზე, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა, არის ჩამონათვალი იმ თანამდებობის პირების, რომლებსაც არ ეხება ეს კანონი. მეც გადავამოწმე კანონი და მეოთხე მუხლში წავიკითხე, რომ ის არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მოადგილეებზე. თუ ეს კანონი საპარლამენტო მდივანზე არ ვრცელდება, მაშინ ის ვინ არის?

სამწუხაროა, რომ იმ სხდომიდან სამი დღის თავზე, მე და თქვენ გვიწევს დროის დაკარგვა ამ უმარტივეს საკითხთან დაკავშირებით. დროს ვკარგავთ რადგან, ძალიან მარტივად შეეძლოთ კვალიფიციურ ადამიანებს დასკვნის დადება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საპარლამენტო მდივანი პოლიტიკოსი თუ ის არის მხოლოდ ჩვეულებრივი არაპოლიტიკური საჯარო მოსამსახურე. რაც შეეხება კანონმდებლობას, ძალიან მარტივად რომ განიმარტოს, ვინ არის პოლიტიკოსი, ჩვენ მიერ მიღებულ კანონში პირდაპირ წერია, ვინ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ცალკე კატეგორიაა, და უფრო დამატებით წერია ვინ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, არა სახელმწიფო პოლიტიკური, რომელიც უფრო მაღალი რანგია, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირი.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის წევრი და მისი მოადგილე, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს ესენი არიან მხოლოდ გუბერნატორები და მათი მოადგილეები, საკრებულოს თანამდებობის პირები, გამგებლები, მერები და მათი მოადგილეები.

მაშინ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი?

ეს ჩანაწერი გვხვდება ნებისმიერ ქვეყანაში, საჯარო სამსახურის კანონში და საუბარია ერთადერთ მარტივ რაღაცაზე. არსებობს კანონი, რომელიც არსებითად მიიღება მოხელეთათვის. აქ დადგენილია სამსახურში აყვანის წესები, გაშვების წესები და ასე შემდეგ. ეს წესები არ ვრცელდება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებზე.

მხოლოდ დანიშვნაზეა საუბარი?

საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, ჩვენ ყველანი ვართ საჯარო მოხელეები, მაგრამ ამ საჯარო მოსამსახურეთაგან ნაწილი არის პოლიტიკოსი, ნაწილი არ არის პოლიტიკოსი და არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო მოსამსახურის შესახებ კანონი. ჩვენ გვიწევს ახლა საუბარი იმაზე, რომ ორჯერ ორი ოთხია. თქვენ ოდესმე გსმენიათ პარლამენტის აპარატის უფროსისგან პოლიტიკური განცხადება?

პოლიტიკური განცხადება გააკეთა ანა დოლიძემ?

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შეუძლია ასჯერ უკეთესი განცხადებების გაკეთება, ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს.

რომელი იყო პოლიტიკური განცხადება ქალბატონი ანას მხრიდან?

პოლიტიკურ განცხადება კი არ გააკეთა ქალბატონმა ანა დოლიძემ, არამედ მან შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს პირველივე წინადადებაში. მან აღნიშნა, რომ კრიტიკა იყო ღირსებას მოკლებული. მან უწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს უღირსი. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მეტი ვიდრე პოლიტიკური განცხადება, ეს იყო შეურაცხყოფა. ასეთ დროს შეურაცხყოფას ბუნებრივია სჭირდება პასუხი. პასუხი იყო აბსოლუტურად კორექტული, პასუხი იყო ის, რომ საჯარო მოსამსახურე არ უნდა გასცდეს ეთიკის ფარგლებს.

ხო, მაგრამ საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, გამოთქვას და დაიცვას ის, მითუმეტეს კონკრეტულ მოტივირებულ შენიშვნებზე იყო საუბარი? თქვენ აცხადებდით, რომ ყველა შენიშვნა იყო არაარგუმენტირებული და ეს იყო ანა ბანა, რომ ასე არ უნდა იწერებოდეს...

1990-იანი წლებიდან მოყოლებული - გახსოვთ რომ სახელმწიფოებრიობა მაშინ ყალიბდებოდა - საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როგორც არცერთ სხვა დემოკრატიულ თუ არადემოკრატიულ ქვეყანასაც კი, რომ საჯარო მოსამსახურე პოლიტიკურ პოლემიკაში შესულიყო და შეურაცხყოფა მიეყენებინა პოლიტიკოსის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის. საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა, აი იმ 1990-იან წლებშიც კი. ეს არის "ორჯერ ორი ოთხია" პოლიტიკის თეორიაში, საჯარო სამსახურის თეორიაში. გამახსენეთ ერთი შემთხვევა მაინც 90-იან წლებში და შემდეგ ათწლეულში და ბოლო წლების განმავლობაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად საქართველოს პრეზიდენტს უწოდა უღირსი ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწოდა პრეზიდენტს უღირსი. ასეთი რამ არ მომხდარა, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. ერთადერთი გამონაკლისი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც საჯარო მოსამსახურეები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, გამოადიან აბსოლუტურად ეთიკას გაცდენილი გამონათქვამებით, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის დღეს მოქმედი ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თითოეული მოსამსახურე, დაწყებული ადმინისტრაციის უფროსიდან გაგრძელებული საპარლამენტო მდივნით, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირს უწოდებს უცოდინარს. 

წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი... არის უშიშროების საბჭო, რომელიც შედგება პოლიტიკოსებისგან, არსებითად გარდა ერთი გამონაკლისისა, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივანი. აქ სხედან პოლიტიკოსები და არიან დამატებითი საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან, პოლიტიკოსებს. მე ვარ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი და წარმოიდგინეთ ის ადამიანი, რომელიც ემსახურება უშიშროების საბჭოს, მის ორგანიზაციულ ექსპერტულ მომსახურებას ახორციელებს, ასეთი ადამიანი უშიშროების საბჭოს წევრს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს უწოდებს უცოდინარს. ეს არ მომხდარა 1990-იან წლებში, მაშინ როდესაც გახსოვთ რა მდგომარეობა იყო. ამაში თავისი წვლილი მიუძღვის მედიასაც, როდესაც აცხადებს, რომ დაპირისპირებაა პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის, ეს იგივეა ვთქვათ, რომ პრეზიდენტის და პარლამენტის აპარატის დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეს არის საჯარო მოსამსახურეთა ერთობლიობა, რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკის ნაწილი არის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. არ შეიძლება ეწეროს ტიტრებში ან ჟურნალისტები ამბობდნენ იმას, რომ დაპირისპირებაა პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის.

დაპირისპირებაა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის?

თავისთავად, აქ საუბარია პოლიტიკოსებზე, საუბარია პრეზიდენტსა და პარლამენტზე. სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ პრეზიდენტი დღეს არის ოპოზიციაში, მაშინ როდესაც, კონსტიტუციის თანახმად, ის უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

ყველაფერი მოხდა თქვენი გამოსვლის შემდეგ. ანა დოლიძემ თქვა, რომ მას არ მიეცა გამოსვლის საშუალება, რომ ასეთ პირობებში ის, საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ვერ დაიცავდა იმ წინადადებებს, რითაც პრეზიდენტმა ის პარლამენტში გამოგზავნა. მან განაცხადა, რომ ყველა მის არგუმენტს თქვენ აფასებდით, როგორც არაარგუმენტირებულს.

რაც შეეხება ჩემ გამოსვლას, არცერთ წინადადებაში არ ყოფილა შეურაცხყოფა და ვინმეს ღირსების ხელყოფა. ამის შემდეგ გამოდის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც, როგორც ჩანს სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად, იღებს დავალებას პრეზიდენტის მხრიდან და ამბობს, რომ ჩემი გამოსვლა იყო ღირსებას მოკლებული კრიტიკის შემცველი. პირდაპირ უწოდა კონკრეტულმა ადამიანმა, საჯარო მოსამსახურემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უღირსი. ღირსებას მოკლებული კრიტიკა ამას ნიშნავს. გუშინ თქვენი ტელევიზიის სიუჟეტშიც არასწორად გავიდა ეს ფრაზაც, შეგნებულად იყო დამახინჯებული.

რა ინტერესი გვაქვს ბატონო ირაკლი?

იქ იყო ნათქვამი რომ ანა დოლიძემ თურმე თქვა, რომ კრიტიკა იყო ზღვარგადასული. რისთვის არის საჭირო სიტყვების ასე დამახინჯება? თქვენც ხომ ის "ყველაზე პროდასავლური ტელევიზია" არ ხართ? რაც შეეხება ანა დოლიძეს, მას არ უთქვამს რომ კრიტიკა იყო ზღვარგადასული, მან თქვა, რომ კრიტიკა იყო ღირსებას მოკლებული. შეურაცხყოფას სჭირდება პასუხი.

თქვენც მოუწოდეთ ტრიბუნიდან ანა დოლიძეს ეთიკურობისკენ და არაეთიკური უწოდეთ მის გამოსვლას. თქვენი შეფასება და მიმართვა - "ბატონო გიორგი" ეთიკური იყო?

ქალბატონი ანა 10 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა რომ ის იყო გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის წარმომადგენელი...

ის ზღვარს ვერ ავლებდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელსა და სრულუფლებიან წარმომადგენელს შორის, ისევე როგორც ვერ გაავლო ზღვარი პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს შორის. 10 წუთი გვიმტკიცებდა იმას, რომ ზუსტად ისევე შეეძლო საუბარი, როგორც გიორგი მარგველაშვილს. მისი მტკიცებით ტრიბუნასთან იდგა გიორგი მარგველაშვლი. მე რომ ვამტკიცო დღეს რომ ვარ ანგელა მერკელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება დამიძახოთ ქალბატონი ანგელა. როდესაც ადამიანი 10 წუთი გიმტკიცებს რომ ის არის გიორგი მარგველაშვილი.., ის პირდაპირ ამბობდა რომ შეეძლო ზუსტად იგივეს თქმა, რისი თქმაც შეუძლია პრეზიდენტს.

ის აპელირებდა იმაზე რომ არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

როდესაც პარლამენტის აპარატის უფროსი მიდის სადღაც და კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს, მას შეიძლება სრული რწმუნებულება ჰქონდეს მინიჭებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც მაგალითად პარლამენტის აპარატის უფროსი მიდის საქართველოს პრეზიდენტთან, იქ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ვერ ავუხსენი ადამიანს 10 წუთის განმავლობაში.

თქვენმა თანაგუნდელმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი რეაგირებას არ მოახდენს, უმჯობესია საპარლამენტო უმრავლესობამ არ ითანამშრომლოს და აღარ დაესწროს მისი წარმომადგენლის გამოსვლებს. პრეზიდენტის რეაგირების შესახებ ყველანი საქმის კურსში ვართ, მის განცხადებას ვიცნობთ, ანუ თქვენ იზიარებთ ამ დამოკიდებულებას და ჩვენ უფრო მეტ კონფრონტაციას შეიძლება ველოდოთ?

საპარლამენტო მდივნის საკითხი არ არის ნამდვილად აქტუალური საკითხი. ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ვინ სად იქნება მისი წარმომადგენელი. ეს არ არის ჩვენთვის აქტუალური. აქტუალური საკითხი არის ერთი რამ, ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას, ამის შემდეგ ჩვენ მივეცით საქართველოს პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი, მივეცით რეაგირების შანსი. შესაბამისად მივმართეთ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, რომ მას ჰქონდა შანსი შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ძალიან მძიმე, უმძიმეს შეურაცხყოფაზე. თქვენ გახსოვთ რა სიტყვები გამოიყენა ანა დოლიძემ. პასუხი იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი. ამ შეურაცხყოფას, უმძიმეს შეურაცხყოფას, მან დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა და გამოიყენა ისეთი სიტყვები, როგორიც პირადად პრეზიდენტმა: კომკავშირელები, მედროვეები და ა.შ ანუ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, არიან თავხედები, უზრდელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირლები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველო ნამდვლად მეტს იმსახურებს, ეს შემიძლია გითხრათ, თუმცა საქართველოს ისტორიას ამაზე უარესი პრეზიდენტიც ახსოვს, ამასაც გავუძლებთ რაიმენაირად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, საბოლოო ჯამში, ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად. ასეთი პრეზიდენტით მოგვიწევს კიდევ ერთი წელი ცხოვრება.

ამ რეჟიმში თანამშრომლობის გაგრძლება როგორ წარმოგიდგენიათ?

პრეზიდენტი არის ოპოზიციაში. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ამ რეჟიმში გვექნება მასთანაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ მეორე საქართველოსთან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელია ეს თანამშრომლობა. მეორე საქართველოში შედიან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მეორე ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა, გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ბაჩუკი ქარდავა - ეს არის მეორე საქართველო. ეს არის ძალიან მძიმე საქართველო. მეორე მხარეს კი დგას ღირსეული პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნება". და სწორედ ამის გამო მოხდა, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა მიიღო. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა დემოკრატიულ სისტემაში. ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენი გზა არის სწორი გზა, და თქვენც იცით როგორ შეიცვალა საქართველოში მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ.

თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში და მუდმივად როდესაც პრეზიდენტი იყენებს ვეტოს მექანიზმს, უმრავლესობის მხრიდან სწორედ ამაზე ხდება აპელირება, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში. ვის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს პრეზიდენტი შეგიძლიათ გვითხრათ როდესაც ამას ამბობთ? თუნდაც კონკრეტული ბოლო საკითხებიდან გამომდინარე.

მე არ ვიცი რა გათვლები აქვს მას, თუმცა, ეს არის პირველ რიგში მენტალიტეტის პრობლემა. მას აქვს კონკრეტული მენტალიტეტი, რომლის გამოც მას ურჩევნია, იყოს მეორე საქართველოს წევრი, ის არის იქ კომფორტულ მდგომარეობაში და არა იქ, სადაც საქმე კეთდება. ეს არის მისი მენტალიტეტის პრობლემა, ეს არის მისი არჩევანი. ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანი, მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურ სუბიექტთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის ბუნებრივია გვექნება თანამშრომლობა მოქმედი კანონმდებლობის, კონსტიტუციის და ყველა ეთიკის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერ სუბიექტთან. თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივეცით პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ამის შემდეგ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერანაირ რესურსს, რომ ასეთ საკითხებზე შევიდეთ რაიმენაირ პოლემიკაში. შესაბამისად, გუშინ, ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, კერძოდ ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომ არანაირი ფორმით არ აყვნენ არც ზრდილობის ფორმის დარღვევას და ეთიკის ფორმის დარღვევას და შესაბამისად არ მოახდინონ რეაგირება ამ ყველაფერზე. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის რომ შენ შეუარცხყოფას გაყენებენ, ეს არის ჩვენი პოზიცია.

როდესაც საუბარია პრეზიდენტის ოპოზიციურ განწყობებზე, უმრავლესობა ყველაზე ხშირად მას ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს. ბოლო შემთხვევაც, როდესაც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, პატრიოტთა ალიანსიც იზიარებდა მის ნეგატიურ დამოკიდებულებას. პატრიოტთა ალიანსსაც ხომ ვერ დავადანაშაულებთ ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში? ანუ რა გამოდის, პრობლემა მარტო პრეზიდენტში და ნაციონალურ მოძრაობაშია თუ პრობლემა ხელისუფლებაშია?

ეს არის მეორე საქართველო. ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალები თავიანთ ხმებს აგროვებენ. თუმცა, მადლობა ღმერთს, ეს არის ხმების უმცირესობა და ამის გამო იმარჯვებს ხალხის მხარდაჭერით "ქართული ოცნება" მუდმივად და რა თქმა უნდა, იგივე გამეორდება ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩვენ არ ვაპირებთ საზოგადოების დაყოფას ჩვენიანებად და მტრებად და ა.შ თუმცა არის ორი საქართველო, ვიყენებ "ენდიაის" ბოლოდროინდელ ტერმინს. მათ აქვთ ერთგვარი თვითმიზანი ძალაუფლების მოპოვების ან დაბრუნების, არ იყურებიან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ადგანან მცდარ გზას. რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით, თუმცა ეს არის არსებითი ნიშანთვისება მეორე საქართველოსი.

თუმცა მეორე საქართველოზე როდესაც ვსაუბრობთ, რამდენიმე წლის წინაც ასეთი სურათი გვქონდა, რომ ხელისუფლება ამბობდა, რომ ის იდგა ასე, ასე ფიქრობდა, დანარჩენი საქართველო კი იყო სხვაგან და არ იზიარებდა ხელისუფლების პოზიციას, აანალიზებთ ამ მდგომარეობას?

პოლიტიკური ვითარება არის პოლარიზებული. ერთ მხარეს დგას "ქართული ოცნება" და მეორე მხარეს დგას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ეს არის ის სპექტრი, რომელიც მემკვიდრეობით დაგვიტოვა წინა რეჟიმმა. სამწუხარო რეალობაა. ქართველი ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

ჯანი ბუკიკიო კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს საყოველთაო კონსენსუსთან დაკავშირებით. საინტერესოა, როდის შედგება ოპოზიციასთან შეხვედრა? გამოიკვეთა თუ არა თქვენი გადასახედიდან რაიმე სახის კონსენსუსის კონტური და შეიძლება თუ არა რაიმეზე შეთანხმდეთ ოპოზიციურ სპექტრთან?

არაერთგზის განვაცხადეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის და მზად ვართ, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დავიწყოთ ეს კონსულტაცია და დისკუსია, და ეს დისკუსია აუცილებლად შედგება. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში ვენეციის კომისიასთან და ვსაუბრობთ ფორმატთან დაკავშირებით. გვინდა რომ ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზოს ისეთი ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის და აუცილებლად შედგება კონსულტაციები ამის საფუძველზე. პირველი კონსულტაციები შეიძლება შედგეს ან სტრასბურგში ან თბილისში...

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები