05 აგვისტო 2017

რა ეტაპზეა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება?

ინტერვიუ ჰააგის პროკურორთან

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავია. ტელეკომპანია "იმედი" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ომის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ჟურნალისტ სოფო ოხანაშვილის კითხვებს ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წერილობით უპასუხა.   


როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი და რა ეტაპზეა ის ახლა?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების საბოლოო მიზანი 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებზე სიმართლის დადგენაა. ამ მიზნით, ოფისის გამომძიებლები სხვადასხვა სანდო წყაროსგან ყველა საჭირო მტკიცებულებას აგროვებენ. გამოძიების პროცესი მკაცრ სამართლებრივ, საგამოძიებო და მტკიცებულებით სტანდარტებს იცავს, რაც მიზნად ისახავს ასევე ამ პროცესში ჩართული ადამიანების დაცვას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე იცავს გამოძიების დამოუკიდებლობას. პროკურორის ოფისი კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით მუშაობს და არ უზიარებს მედიას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს. თქვენ შესაძლოა ვერ გვხედავდეთ, მაგრამ ჩვენ ადგილზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

ამ ეტაპზე რა მიმართულებებზე მუშაობთ?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მიზანია ყველაზე სერიოზული დანაშაულებების დაუსჯელობის აღკვეთა, რომელიც აღელვებს საერთაშორისო საზოგადოებას და ამ დანაშულებების პრევენციის ხელშეწყობა. მე მჯერა, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამართლიანობის აღსრულება აუცილებელია. 2008 წელს, სამხრეთ ოსეთსა და მის გარეშემო შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარ დანაშაულებებზე ნათელის მოფენა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა რეგიონში სტაბილურობისა და შერიგების საქმეში შეტანილი ჩვენი წვლილია. ჩვენ ვსწავლობთ 2008 წლის კონფლიქტის ყველა მიმართულებას, მათ შორის ომის დანაშაულებებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობაზე თავდასხმები, მოსახლეობის ძალადობრივად და იძულებით გადასახლება, ძარცვა, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმები და სხვა მსგავსი ქმედებები. ჩვენ მტკიცებულებეზე დაყრდნობით ამ მიმართულებზე მოვახდენთ ფოკუსირებას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოვყოთ ინდივიდუალური კრიმინალური პასუხისმეგბლობები უმაღესი დონის ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებში.

გამოძიების დასრულების დროს განსაზღვრულია?

გამოძიების პროცესისთვის კონკრეტული დრო არ არის დადგენილი. გამოძიება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებას, რესურსების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფაქტორების გათვალისწინებით. უკვე ითქვა, რომ გამოძიება სრული სიჩქარით მიმდინარეობს და წინ მიიწევს. პროკურორის ოფისის წარმომადგენლები საჯაროობის გარეშე მუშაობენ ადგილზე საქართველოშიც და სხვაგანაც. ამ კონფლიქტის შესახებ ძალიან ბევრი დიამეტრულად განსხვავებული ვერსიები არსებობს. შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ეს არ არის მარტივი გამოძიება, მაგრამ ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას გავიღებთ, რომ სიმართლე გამოვავლინოთ და ვუზრუნველყოთ სამართლიანობა დანაშაულის მსხვერპლთათვის.

საქართველოს ხელისუფლებისგან ახალი დოკუმენტები ხომ არ მიგიღიათ?

კონფლიქტის ყველა მხარესთან თანამშრომლობა არსებითად აუცილებელია პროკურორის ოფისისთვის, რომ მან დაადგინოს სიმართლე თუ რა მოხდა ომის დროს და აღადგინოს სამართლიანობა. ამ კონტექსტში ჩვენი ოფისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და აფასებს საქართველოს მთვარობასთან თანამშრომლობას. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ განვაგრძობთ მტკიცებულებების შეგროვებას სხვადასხვა სანდო წყაროსგან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისგან. ოფისსა და საქართველოს მთვარობას შორის კარგი თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამოძიების პროცესში.

რუსეთს ხომ არ შეუცვლია პოზიცია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე?

ყველა მხარის დროული და თანმიმდევრული თანაშრომლობა ეფექტიანი გამოძების ინტერესებშია. ეს ხელს შეუწყობს სავარაუდო დანაშაულებების სცენებთან და მსხვერპლთან წვდომას, მათი ეთნიკური წარმომავლობის და ეროვნების მიუხედავად. თანაშრომლობა, კონფლიქტში ორივე მხარეს არსებულ მსხვერპლთა ინტერესებშია. სამწუხაროდ, ყველა ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციასთან და სამხრეთ ოსეთთთან შეთანხემბა ჯერ კიდევ რთულია. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ არ დაიშურონ ძალისხმევა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის პროცესში ჩართვისათვის.

ჩვენი ოფისის წარმომადგენლები მზად არიან გაემგზავრონ მოსკოვსა და ცხინვალში დაუყოვნებლივ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება, რომ განვიხილოთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მოსკოვისა და ცხინვალის ოფიციალურ პირებთან.

რუსეთის თანამშრომლობის გარეშე გამოძიება სრულფასოვანი იქნება?

ოფისი ყველა შემთხვევაში განაგრძობს მუშაობას. რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სირთულეები უნიკალური არ არის. ჩვენ ვცდილობთ ასევე გამოძიების ალტერნატიული გზების მოძიებას. საქმიანობის დროს ვხელმძღვანელობთ დამოკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპებით. ამ პრინციპების ერთგული ვართ და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ კონფლიქტის ყველა მხარე დავითანხმოთ თანამშრომლობაზე.

რამდენად ხშირად სტუმრობენ თქვენი ოფისის წარმომადგენლები საქართველოს?

მეც და ჩვენი ოფისის წარმომადგენლებიც მუდმივად ვსტუმრობთ საქართველოს და მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან, შეხვედრებისა და სატელეფონო განხილვების ფორმატში. გამომძიებლები მოგზაურობენ ასევე სხვა ლოკაციებზეც და რეგულარულად და აქტიურად განაგრძობენ მტკიცებულებების შეგროვებას.

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები