22 ივნისი 2017

ვიცეპრემიერის არითმეტიკა

როგორ აბრუნებს განათლების მინისტრი მასწავლებლებს სოფლებში

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოზარდმა ვერ ჩააბარა. განათლების მინისტრი ამბობს, რომ ჩაჭრილთა რაოდენობა საგანგაშო არ არის, რადგან ერთ სკოლაში ელემენტარული საბაზისო ცოდნა საშუალოდ მხოლოდ 4-5 ბავშვს არ აღმოაჩნდა. საშუალო განათლების პრობლემებზე ალექსანდრე ჯეჯელავას ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ესაუბრა.  


გამოსაშვები გამოცდების შედეგების შეფასებისას, თქვენ თქვით, რომ 11 ათას ჩაჭრილ მოსწავლეში პრობლემას ვერ ხედავთ. ეს არ არის რეალური პრობლემა სასკოლო განათლების სისტემაში?

თქვენ რომ სკოლა დაამთავრეთ, იყო თუ არა ექვსი ოროსანი თქვენს და პარალელურ კლასებში?! რადგან, თუ ამ ციფრს 11 ათას სკოლაზე გავყოფთ, გამოვა, რომ თითო სკოლის მე-12 კლასში, მხოლოდ 6 ბავშვი აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც წიგნის გადაშლაზე თავი არ შეიწუხა და ჩავარდა ამ მდგომარეობაში. ბარიერი იმდენად დაბალია, მათ სულ ცოტაც რომ ემეცადინათ, აუცილებლად გადალახავდნენ მას. ამიტომ ვფიქრობ, რომ 11 ათასი პრობლემა არ არის.

მეორე საკითხია საშუალო განათლების სისტემაში გვაქვს თუ არა პრობლემები. დიახ, გვაქვს. მაგრამ ვიმეორებ, რომ აქ 11 ათასი ჩაჭრილი ბავშვი არაფერ შუაშია. ბარიერგადალახულმა რამე იცის? და აი, მანდ შემოდის კვლევები. კვლევები რომ ნახოთ, მაგალითად ჩვენი ეროვნული შეფასებით, მეცხრე კლასელების 30%-ს ქიმიაში მინიმალური ცოდნაც არ აქვს. ანუ,  ბარიერი მინიმალურ ცოდნაზე რომ იდგეს და არა უსასრულოდ ქვემოთ, როგორც დღეს არის, შეიძლება 30 % ჩაჭრილიყო ქიმიაში. ამიტომ, სწორება ჩაჭრა-არ ჩაჭრაზე ძალიან სახიფათოა. რადგან, მომავალ წელს რომ არავინ არ ჩაიჭრას, ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, არამედ მხოლოდ იმის, რომ ბარიერი კიდევ უფრო ქვმოთ დავწიეთ. მოკლედ, მთავარი პრობლემაა ის, რომ გვყავს ბევრი ბავშვი, რომლებიც დღეისათვის აქტუალურ საგნებში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ქართულში, ფიზიკაში, უცხო ენაში მინიმალურ ბარიერსაც ვერ ლახავენ.

რით არის განპირობებული ეს მდგომარეობა?

ეს პრობლემა დაიწყო 50 წლის წინ, როდესაც საბჭოთა სამშობლომ გადაწყვიტა პედაგოგიური ინსტიტუტი ყოფილიყო ყველაზე დაბალრეიტინგული. საბჭოთა დროიდან მოყოლებული, პედაგოგის კვალიფიკაციაზე აქცენტი არ კეთდებოდა. ამას დაემატა დამოუკიდებელი საქართველოს 25 წელი, როცა პედაგოგებმა საშინელი პერიოდი გამოიარეს, უხელფასობა უშუქობა, არაადამიანური დამოკიდებულება, დაშინება, არჩევნებში ხმის მიცემაზე დაძალება. საბოლოოდ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ თავად პროფესია მოთხოვნადი აღარ არის. ქალაქში კიდევ გამოჩნდნენ სპეციალისტები, მაგრამ სოფლის სკოლა რომ ქალაქის სკოლას შეადაროთ, ნახავთ რამხელა ჩამორჩენაა. 

თქვენს კითხვას შემაჯამებელი პასუხი რომ გავცე, მდგომარეობა ასეთია: პედაგოგებზე ხელმისაწვდომობა არ არის, მათი საშუალო ასაკი რეგიონებში ყოველწლიურად 1 წლით იზრდება, ფაქტობრივად არ ხდება ჩანაცვლება ახალი პედაგოგებით. თუმცა, ძალიან პესიმისტურადაც რომ არ გამოგვივიდეს, კვლევის შედეგებსაც გეტყვით, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდება: აღმოჩნდა, რომ ჩვენი პროგრესი არის ძალიან დიდი წინა 5 წელთან შედარებით. თუმცა, ცხადია, ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, რადგან ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ადგილისგან, სადაც გვინდა რომ ვიყოთ.

რას აკეთებთ სკოლებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად?

ბევრ რამეს ვაკეთებთ. ფაქტობრივად ყველა მხრიდან ვუტევთ ამ სასკოლო პრობლემას. პირველი რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ მეტი ვზრდით თავისუფალი გაკვეთილების რაოდენობას. იცით, რომ თავისუფალი გაკვეთილები დავიწყეთ, რომელიც სუპერ პოპულარულია? ბავშვები აღარ აცდენენ ჩვეულებრივ გაკვეთილებს, იმიტომ რომ ელოდებიან თავისუფალ გაკვეთილებს. მეორე, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების ელემენტები მოვამრავლეთ. ამანაც ხალისი შეჰმატა სიტუაციას. მესამე, რაც მთავარია, პედაგოგების მოტივაცია ძალიან გაიზარდა. არის რეგიონები, სადაც შარშან გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 5 მასწავლებელი, წელს კი იმავე მუნიციპალიტეტში 100 პედაგოგი გვყავს. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩაჭრის შიში მოიხსნა და ამ ხალხს კვალიფიკაციის ამაღლება უნდა. ეს ძალიან კარგი ხალხია, უბრალოდ შერცხვენა და თავის მოჭრა არავის უნდა, მით უფრო რაიონში.

მაგრამ თუ მათი დონე ისეთია, რომ უნდა ჩაჭრილიყვნენ?

თუ არ გავიდა გამოცდაზე,  ხომ არ იმეცადინებს?! მე თუ შემიძლია არ გავიდე, არ განვვითარდები. დღეს გაჩნდა ტენდენცია, რომ ვინც ბევრს იმეცადინებს, ის ბევრსაც შეძლებს. ანუ, შარშან მხოლოდ ის 5 მეცადინეობდა, დღეს კი უკვე 100 მეცადინეობს. მთავარია ადამიანს განწყობა და სურვილი ჰქონდეს. გარდა ამისა, ვმუშაობთ პროგრამების განტვირთვაზე. ვფიქრობთ, რომ ძალიან გადატვირთულია მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის პროგრამები და უნდა შევკუმშოთ. შევკუმშოთ რას ნიშნავს, ნაკლები ვასწავლოთ? არა, უბრალოდ მაღალ კლასებში გადავიტანთ საგნებში შემავალი საკითხების ნაწილს. ევროპულ სისტემას თუ შევხედავთ, იქ შუა კლასებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ, ზედა კლასებში კი წიგნებიდან თავის აწევის დრო არ აქვთ ბავშვებს. წელს უკვე პირველი ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით და მომდევნო წლებში ბოლომდე განვახორციელებთ ამ იდეას. ასევე, მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელოებიც იქნება და საზოგადოებასაც მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ გაეცნოს ახალ ტექსტებს.

რეგიონებში მასწავლებლების დეფიციტზე ლაპარაკობთ, ამ მიმართულებით რა გეგმა გაქვთ?

დიახ, სოფლებში მასწავლებელი არ იშოვება. დაფიქრებულხართ სოფლიდან რამდენი ადამიანი აბარებს ფიზიკის სპეციალობაზე, რამდენი ამთავრებს წარმატებით და შემდეგ, რამდენი ბრუნდება უკან სოფელში?! არ გვყავს მასწავლებლები ადგილზე. ახლა რა ვქნათ, აღარ ვასწავლოთ ფიზიკა? - ეს ერთი ვარიანტია ხომ, რომელიც არ გამოდგება. მეორე ვარიანტია, რაღაც მოვიფიქროთ. ჩემი გეგმა არის ის, რომ ამ ხალხს დავუფინანსოთ სწავლა უმაღლესში, იმ პირობით, რომ მერე, გარკვეული პერიოდით მაინც რაიონში იმუშავებენ. ვისაც არ უნდა, არ დათანხმდება ამ შეთავაზებას. მაგრამ ვინც ამბობს, რომ მე მინდა სწავლა, მაგრამ სწავლის გადასახადს ვერ ვიხდი, მე მივალ და თუ კარგი შედეგები აქვს, დავუფინანსებ სწავლას. ცხადია, იმ პირობით, რომ იმუშაოს რაიონში. ახალი სასწავლო წლიდან მესამე კურსელები ამ შეთავაზებას უკვე მიიღებენ.

ყველაზე პრობლემური განათლების რომელი საფეხურია?

ყველა საფეხურს თავისი პრობლემა აქვს. უმაღლესები გადატვირთულია, იმაზე მეტი ადამიანი სწავლობს, ვიდრე უნდა სწავლობდეს და მერე ვერ საქმდება. მეორე პრობლემა არის ის, რომ როგორც გითხარით, მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასელების სასწავლო პროგრამები გადატვირთულია, და ბოლოს, პრობლემაა, რომ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ბაღები.

"იმედის კვირა" 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები