24 ივნისი 2017

ერთსულოვანი უმრავლესობა

რა არგუმენტები აქვს მმართველ პარტიას საკონსტიტუციო კონსენსუსზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საგაზაფხულო განხილვები დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებები მეორე მოსმენით 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. კენჭისყრას ბოიკოტი საპარლამენტო ოპოზიციის სამივე პარტიამ გამოუცხადა, პროცესს პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აკრიტიკებს. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებაა. ახალ კონსტიტუციას საბოლოოდ, მესამე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის. უმრავლესობის წევრს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ჟურნალისტი თეა სიჭინავა ესაუბრა.   


მართალია ვენეციის კომისიის დასკვნაში არაფერი წერია კონკრეტულ თარიღზე, ამაზე ვერავინ შეგედავებათ, მაგრამ ჩვენ გვსმენია არაერთი განცხადება ხელისუფლების მხრიდან, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობას, პარტიებს სთავაზობს უკეთესს საარჩევნო გარემოს, ვიდრე ეს იყო წლების განმავლობაში. ვგულისხმობ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ დაპირებებს. ვენეციის კომისიის წევრებს უთხარით თუ არა ამ სისტემის შემოღების თარიღი და როგორ აპირებთ აუხსნათ თქვენს ევროპელ კოლეგებს, ექსპერტებს, რომ თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ის ერთსულოვნება, რაც კონსტიტუციური პროექტის მეორე მოსმენით მიღებას ახლდა...

ერთსულოვნება თქვენს გუნდში ალბათ ხომ? 

არამხოლოდ. ვგულისხმობ, ერთსულოვნებას და კონსენსუსს საკუთარ ხალხთან. რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსენსუსი და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი უმრავლესობის შიგნით არ არის მხოლოდ "ქართული ოცნება", არამედ იქ არიან კონსერვატორები, მწვანეები, სოციალ-დემოკრატები. რატომღაც ყველას ავიწყდება ბოლო დროს, რომ ეს არ არის ერთი პოლიტიკური პარტია და მასთან გაერთიანებულია სამი სხვა პარტია.

მაგრამ ისინი გაერთიანებული არიან "ქართული ოცნების" ქოლგის ქვეშ.

ასე ვიყავით ჩვენ გაერთიანებული წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, ერთი გუნდი ვიყავით, მაგრამ მან ვერ შეძლო როგორც კომისიის თავმჯდომარემ იმ კომისიის ფარგლებში ეპოვა კონსენსუსი ერთ საკითხზეც კი, და ვერცერთ საკითხზე, ვერცერთი თემის ინიცირება იმ საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო. რატომ ვერ შეძლო, ხომ ერთი გუნდი იყო? თუ ერთი უმრავლესობის, კოალიციის შიგნით ასეთი იოლია კონსესუსის მიღწევა, იმ კომისიამ რატომ ვერ დადო მაშინ ერთი კონკრეტული წინადადებაც კი? ეს სერიოზული არგუმენტია და როდესაც ჩვენ დღეს გვყავს ამ უმრავლესობის შიგნით, ჩვენ გარდა კიდევ სამი სხვა პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც მოხდა კონსენსუსის მიღწევა... და მთავარი რამ, აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ შიდა კონსენსუსზე, არამედ კონსენსუსზე საკუთარ ხალხთან და საერთო სახალხო განხილვის პროცესი ეს იყო სწორედ საკუთარ ხალხთან პირდაპირი დიალოგი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს, ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს თუ ვნახავთ, არცერთი რეკომენდაცია არ დარჩენილა გაუზიარებელი და ისეთი, რომელიც ჩვენ არ აგვისახავს მეორე მოსმენის დროს ცვლილების სახით წარმოდგენილ პროექტში. რაც შეეხება ვადებს, სწორად აღნიშნეთ, ვადებთან დაკავშირებით არანაირი რეკომენდაცია არ იყო, რადგან ერთის მხრივ ეს არის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება გაიცეს რეკომენდაცია, რადგან ის არ ეხება არც საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრინციპს, არც ევროპულ კონვენციას, არც იმ სტანდარტებს, რომელსაც ყველა ქვეყნის კონსტიტუცია უნდა ატარებდეს პრინციპების სახით. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს თავად ქვეყანამ. იყო თემაზე მსჯელობები და საბოლოოდ დამოკიდებული იყო ის კონსენსუსზე, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა მისი მეორე მოსმენით მიღება

თქვენ ლაპარაკობთ კონსენსუსზე გუნდის შიგნით. შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა თქვენს გუნდში პროპორციული სისტემის ამოქმედებას 2020 წლისთვის. ასეთი რთული მისაღწევი გახდა მმართველი პარტიისთვის თანაგუნდელებთან შეთანხმება, რომ პროცესი 2024 წლამდე გადაავადეთ?

მე ახლა გამიჭირდება რაოდენობა გითხრათ და არც გვარებით ვაპირებ ლაპარაკს. მაგრამ პროცესში ჩანდა ცალკეული, განსხვავებული მოსაზრებები და ეს ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამ პოზიციას საჯაროდაც ახმოვანებდნენ მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, საკმაოდ დიდ ჯგუფს შეადგენდნენ. რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის თქმის უფლება, რომ ეს იყო უსამართლო პოზიცია, რადგან ეს სისტემა არ მიიჩნევა როგორც უსამართლო ზოგადად, ვერ ვიტყვით რომ დიდი ბრიტანეთი ან საფრანგეთი არჩევნებს დემოკრატიულად არ ატარებს

მაგრამ ამ ქვეყნებს დიდი ტრადიცია აქვთ ამ საარჩევნო სისტემის. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვერ ელევა ამ სისტემას, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება და არა მხოლოდ კონკრეტულად თქვენი, გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს მაჟორიტარული სისტემის პირობებში

მაგრამ ჩვენ ხომ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება

მიიღეთ, მაგრამ მომდევნო არჩევნების გამოტოვებით. პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო სექტორიც ამ გადავადებაში ხედავს პრობლემას

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ სისტემის შეცვლისთვის და ამისთვის გვჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ სრული თანხმობა იყოს მიღწეული. ვიმეორებ, სხვაგვარად შეუძლებელი იყო კონსესუსის მიღწევა. ეს იმ დონის საკითხია, რომელსაც სჭირდება ძალიან მაღალი დონის თანხმობა საკუთარ ხალხთან, რომელიც მზად არის შეცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეს სხვა მოდელზე და სჭირდება ძალიან დიდი თანხმობა საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით. ამიტომ, რადგან ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ამ გადაწყვეტილებისთვის, და მივიღეთ კიდეც უკვე ეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავა ეტაპობრივად ახალ მოდელზე, ეს მგონია, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ გადაწყვეტილებებთან ერთად, იყო თანხმობის საგანი. მე მესმის, რომ შეუძლებელი იყო ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ თანხმობის მიღწევა, მაგრამ როდესაც საკუთარ ხალხთან, საერთო სახალხო განხილვის პროცესში, ჩვენ ყველა პრინციპული საკითხი შევათანხმეთ, და რა წუხილებიც ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას, მაგალითად მიწის საკუთრებასთან, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით, ჩაიწერა ამ კონსტიტუციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გადაწყვეტილებაა. ის რომ პირველივე დღიდან ჩვენთან კონფრონტაციაში შემოვიდნენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, პრეზიდენტი, რამდენიმე ჯგუფი, რომელიც პირველი დღიდანვე ეწინააღმდეგებოდა პროცესს, ცხადი გახდა, რომ ეს იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და არა კონსენსუსისკენ სვლა.

როდესაც ვენეციის კომისიის ჯერ პრესრელიზი, ხოლო შემდეგ დასკვნა გამოქვეყნდა, მოვისმინეთ ასევე ჯანი ბუკიკიოს განცხადებებიც, ყველა ამ დოკუმენტში თუ განცხადებაში აქცენტი კეთდებოდა ფართო კონსენსუსზე. როგორ ფიქრობთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და მისი წევრები გულისხმობდნენ კონსენსუსის მიღწევას ერთი გუნდის ფარგლებში, თუ თანხმობას ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, პარლამენტში თუ მის გარეთ არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არასასამთავრობო სექტორთან?

კონსენსუსის პროცესი, პოლიტიკური პროცესია. ეს არ არის სამართლებრივი შეთანხმება ან პრინციპი. მაგრამ რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია ეს კონსენსუსი პოლიტიკურ სპექტრს შორის, მით უფრო კარგია. ამაზე არავინ დავობს. მაგრამ ეს უნდა იყოს შესაძლებელი. როდესაც ვლაპარაკობთ კონსენსუსზე, კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი უნდა მოსწონდეს ხალხს. საერთო სახალხო განხილვის დროს უმრავლესობის განწყობა აჩვენებდა, და ეს არ იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც შეხვედრებს ესწრებოდნენ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს პროცესი მთლიანად, რომ მოსახლეობასთან კონსენსუსი არის. მაგრამ კონსენსუსი მაგალითად პრეზიდენტთან, რომელიც ამ პროცესში საკუთარ თავს ეწინააღმდეგება... შეუძლებელი იყო მასთან კონსენსუსის მიღწევა. პირველივე დღიდან შევთავაზეთ, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, ყველა შეთავაზება, ყველა ნაბიჯი რაც გადაიდგა ფართო კონსენსუსითვის ალბათ გახსოვთ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა სწორედ მისი პოზიციის გამო. თავდაპირველად ის ითხოვდა სტატუსს, რომ ყოფილიყო თანათავმჯდომარე კომისიაში და ამაზე უარმა გადაწონა მომდევნო პროცესი, შემდეგ საერთო სახალხო განხილვისას ფრაგმენტულად ჩაერთო მაგრამ სამწუხაროდ, ამას ჰქონდა საკუთარ თავთან და მოსახლეობასთან წინააღმდეგობრივი ხასიათი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ კონფრონტაცია რომლითაც დაიწყო ეს პროცესი პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიასთან, დასრულდა ასეთივე კონფრონტაციული ფონით, ხოლო ის ჯგუფები, არასამთავრობოები, რომლებიც მონაწილეობდნენ საერთო სახალხო განხილვებშიც და კომისიაშიც, მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი გაზიარებული და ასახულია ამ პროექტში. 

ლაპარაკიც იმაზეა, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობასთან და არასამთავრობო სექტორთან ვერ მოხერხდა თანხმობის მიღწევა

ნუ დაგვავიწყდება, რომ გუშინ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება. მე ღირებულად მიმაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, რომელზეც ვერ იტყვი რომ ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, გაავრცელა განცხადება და საკონსტიტუციო კომისიის წევრი გახლდათ დავით ასათიანი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ აღმასრულებელ ორგანოს, და მან თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციაში ადვოკატების ინსტიტუციური სიძლიერის თვალსაზრისით. ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა გუშინ მხარდამჭერი განცხადება. ეს სივრცე მონოპოლიზებული არ აქვს არავის და ნუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს კონსტიტუციაზე ლაპარაკის უფლება. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ღირებული პრინციპები ავსახეთ კონსტიტუციაში, ჩვენ ვიარეთ თანხმობის გზით, მაგრამ სამწუხაროდ ის ადამიანები, და მათ შორის ვიმეორებ, საკუთარ თავთან და საკუთარ მოსახლეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი პრეზიდენტი, რომ არ გახდა ამ პროცესის თანამონაწილე, ეს მათი არჩევანია. ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს ფართო კონსენსუსის და შეთანხმების შედეგი, რადგან კონსტიტუცია ყველასია და დღესაც მზად ვართ და გახსნილი ვართ ამ ურთიერთობისთვის, რადგან ვხედავთ ამ შეთანხმების მნიშვნელობას.

"ქრონიკა" 20:00 საათზე 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები