imedi /  19 ივნისი 2017, 18:08 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილის მამის პირადი არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადო მოღვაწისა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა.

ლევან ზურაბიშვილის წიგნები, პარიზში, მისი მეუღლის სახლში ინახებოდა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილების გადაწყვეტილებით, დედის გარდაცვალების შემდეგ, მშობლების ბიბლიოთეკა 2017 წლის 20 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს.

საკოლექციო არქივი ასობით გამოცემას,ძველნაბეჭდ წიგნებს-მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას, მარი ბროსეს მრავალტომეულს, პარიზის ბალმონტისეულ "ვეფხისტყაოსანს" და სხვა უნიკალურ გამოცემებს მოიცავს. ღონისძიება ლევან ზურაბიშვილის 111 წლისთავის აღსანიშნად გაიმართა.

19 ივნისი (1906 წ. ქუთაისი) ლევან ზურაბიშვილის დაბადების დღეა. ის 68 წლისა (1975 წ. პარიზი) გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში. "არც თაიგული, არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმ. ნინოს ეკლესიის სამრევლოს", - ასეთი იყო მისი უკანასკნელი სურვილი.

კომენტარები ()