imedi /  12 ივლისი 2017, 12:25 / სანდო წყარო

კულტურის სამინისტრო ხუჯაბის ტაძარში ვიზიტორთა არშეშვების ფაქტს ეხმაურება

კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ხუჯაბის ტაძარში ჟურნალისტების არშეშვების ფაქტს გამოეხმაურა. ხარატიშვილის განცხადებით, ხუჯაბის ეკლესიამდე მისვლის პრობლემა არ არსებობს, ხოლო ძეგლის რეაბილიტაციაზე ქართული და სომხური მხარე ერთობლივად მუშაობს:

"ჩვენ არასდროს გვქონია ხუჯაბთან მისვლის პრობლემა. ვცდილობთ ნებისმიერი ვიზიტის დროს შევატყობინოთ კოლეგა სამინისტროს და პირიქით, ტექნიკურადაც გვეხმარებიან. რაც შეეხება სამომავლოდ იქ მისვლის პრობლემას, თუ რაიმე ხარვეზი იყო სამინისტრო მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ მსურველს. რაც შეეხება ზოგადად ძეგლთან დაკავშირებით, ჩვენთვის დავის საგანს არ წარმოადგენს მიკუთვნებულობის საკითხი, ეს ჩვენი ზრუნვის ობიექტია, ჩვენ სომხურ მხარესთან გვაქვს სამუშაო ჯგუფი და ამ ჯგუფის წევრები პერიოდულად განიხილავენ რეაბილიტაციის საკითხს", - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

ხუჯაბის სადავო ტაძარი მარნეულის რაიონში, სოფელ ახეპში მდებარეობს. ტერიტორია ოფიციალურად საქართველოს მიერ კონტროლირებადია, თუმცა ქართველი მესაზღვრეები იქ მოსახვედრად საშვებს ითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ძეგლთა კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე, ამბობს, რომ ტაძარი ქართულია და ამას არაერთი ისტორიული წყარო ადასტურებს.

ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია, გუმბათის მთლიანობა დარღვეულია და არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხრეთ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდეს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ღვთისმშობლის მონასტერი მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარს ეკუთვნის და ის იმდროინდელი ქართული არქიტექტურის ნიმუშია.

საგარეო საქმეთა სამინსიტროში ამტკიცებენ, რომ საზღვარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯერ დადგენილი არ არის. კომისია, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ვის ტერიტორიაზე მდებარეობს მეცამეტე საუკუნის უნიკალური ძეგლი, სექტემბერში შეიკრიბება. თუმცა ინტერნეტში რამდენიმე საინფორმაციო ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად სექტემბრიდან აღმოჩნდება, - ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ უკვე მიიღო.

კომენტარები ()