imedi /  03 აგვისტო 2017, 11:26 / სანდო წყარო

ასპინძაში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება

"დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს" - ამ ლოზუნგის ქვეშ 5 აგვისტოს ასპინძაში, Check In Georgia-ს მხარდაჭერით, რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება.

ფესტივალმა სტარტი 29 ივლისს მესტიაში აიღო და საქართველოს შვიდ რეგიონს მოივლის. პირველად, ფესტივალი 1988 წელს რაჭაში ჩატარდა. "ფუძეობა" კომპანია "ჯეოტურისტის" საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქრთველოს რეგიონებში ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, ხრიდოლის საჩვენებელი წარმოდგენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საპატიო მოქალაქეების და ფოლკლორის სფეროში დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება/დასაჩუქრება და დღის დასკვნითი კონცერტი.

ფოლკლორული ფესტივალი ,,ფუძეობა’’ 7 ნოემბერს კახეთში დასრულდება. ფესტივალში მონაწილეობას ანსამბლი "ერისიონი", ნიაზ დიასამიძე და 33ა, მგზავრები და ნინო ქათამაძე მიიღებენ.

კომენტარები ()