imedi /  17 მარტი 2017, 15:04 / სანდო წყარო

ტრამპს ხელოვნების ფონდების გაუქმება უნდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახალი ფედერალური ბიუჯეტის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ფონდების გაუქმება სურს, - წერს The New York Times.    

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავად ითხოვს ფონდების გაუქმებას, რომლებიც 1965 წლიდან არსებობს. გარდა ამისა, "რესპუბლიკელები" ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის კორპორაციის დაფინანსების შეწყვეტასაც, რომელიც, თავის მხრივ, აფინანსებს რადიომაუწყებლობის სახელმწიფო სამსახურს (PBS) და ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოს (NPR).

ტრამპის ახალ ფედერალურ ბიუჯეტს კონგრესი განიხილავს.

ინიციატივა კულტურის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ხელოვნების მუზეუმების ხელმძღვანელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტის წინადადება გააკრიტიკა და კონგრესს მოუწოდა, შეინარჩუნონ ნაციონალური ფონდები.  

2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ხელოვნების ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელად მსახიობ სილვესტერ სტალონეს დანიშვნას გეგმავდა, რომელიც მის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. სტალონე აცხადებდა, რომ პოლიტიკური კარიერა აინტერესებდა. თუმცა, 70 წლის მსახიობმა ტრამპის წინადადებაზე უარი თქვა, აღნიშნა რა, რომ ვეტერანების საჭიროებების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობით, ბევრად სასარგებლო საქმეს აკეთებდა..     

ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ფონდები საზოგადოებრივ და სახელოვნებო ორგანიზაციებზე გრანტებს გასცემენ. ფონდის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია. 

კომენტარები ()