imedi /  15 აპრილი 2017, 21:21 / სანდო წყარო

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 1600 კანდიდატი დარეგისტრირდა

თეირანი
ირანი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 1600 კანდიდატი დარეგისტრირდა. ეს მონაცემები დაფიქსირდა რეგისტრაციის ბოლო დღეს. ინფორმაციას არჩევნების შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 137 ქალია, 1499 - კაცი. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი 18 წლისაა, უხუცესი - 92 წლის.

რეგისტრაციის ბოლო დღეს დარეგისტრირდნენ ირანის პირველი ვიცეპრეზიდენტი ისხაკ ჯაჰანგირი და თეირანის მერი მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, რომელიც კონსერვატორების კოალიციას წარმოადგენს.

მანამდე არჩევნებში დარეგისტრირდა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ახლო თანამებრძოლი იბრაჰიმ რაისი, რომელიც მედიის ცნობით, ირანის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ყველაზე რეალური კონკურენტია. როუჰანმა მეორე ვადით კენჭისყრა გადაწყვიტა. არჩევნებში მონაწილეობს ასევე ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი.  

რეგისტრაცია 11-დან 15 აპრილამდე მიმდინარეობდა. 16 აპრილიდან კანდიდატების შერჩევა დაიწყება. ირანის კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო 16-დან 20 აპრილამდე კანდიდატებს კომპეტენტურობის მიხედვით შეისწავლის.

ამის შემდეგ დაიწყება ტელედებატები. 18 მაისს, დუმილის დღეს, ნებისმიერი წინასაარჩევნო აგიტაცია იკრძალება. 19 მაისს ჩატარდება არჩევნები. გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლების ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. თუკი ასეთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა, ჩატარდება მეორე ტური, სადაც პრეზიდენტობისთვის ორი ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატი იბრძოლებს.  

კომენტარები ()