imedi /  17 აპრილი 2017, 16:04 / სანდო წყარო

"ბასტია" - "ლიონის" ჩაშლილ შეხვედრას გამოხმაურება მოჰყვა

საფრანგეთის ჩემპიონატში "ბასტია" - "ლიონის" ჩაშლილ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტუმარი კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მისი გუნდის ფეხბურთელების მიმართ აგრესიულ ქმედებაში დაადანაშაულა.

როგორც ოლა აცხადებს, "ლიონის" მეკარე ანტონი ლოპეში სტადიონზე შევარდნილმა გულშემატკივარმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თვალწინ წააქცია, მან კი ფეხბურთელის დასახმარებლად არაფერი იღონა. ოლას მიერ დადანაშაულებულმა ანტონი აგოსტინმა ამ ყველაფერს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ "ლიონის" პრეზიდენტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრა "ბასტია" - "ლიონი" სტადიონზე გულშემატკივრის მიერ მოწყობილი არეულობის გამო ჩაიშალა. სტადიონზე მყოფი ქომაგების აგრესიული ქცევის გამო თამაში 50 წუთით დაგვიანებით დაიწყო. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი, ერთ-ერთი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და "ლიონის" მეკარე ანტონი ლოპეშს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ყველაფერი უკვე მასობრივ არეულობასა და ორმხრივ ჩხუბში გადაიზარდა. საბოლოოდ კი, ორგანიზატორებმა შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მომხდარ ფაქტზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

კომენტარები ()